ლაშა ხუციშვილი – ანაკლიის პორტის სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილში საქართველომ შესაძლოა, ADB-სთან ითანამშრომლოს

ანაკლიის პორტის სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილში საქართველომ შესაძლოა, „აზიის განვითარების ბანკთან“ (ADB) ითანამშრომლოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელიც მილანში ADB-ის 58-ე წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ADB-სა, ხუციშვილი არ გამორიცხავს, პორტის სახმელეთო ინფრასტრუქტურის ნაწილში სხვა დაინტერესებულ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობასაც. თუმცა, ამავე დროს აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე „აზიის განვითარების ბანკი“ გამოთქვამს სურვილს, საქართველოს გამოუყოს სუვერენული სესხი, რომელსაც სახელმწიფო ანაკლიის პორტის სახმელეთო ინფრასტრუქტურის საკონტროლო პაკეტში შეიტანს.
„ანაკლიის პორტი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პირველ ეტაპზე დავიწყეთ წყლის ინფრასტრუქტურის განვითარება. ამისთვის უკვე გამოყოფილია 220 მილიონი ლარი. აღნიშნულ თანხას შემდგომ წლებში დაემატება კიდევ საჭირო ფინანსები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წყლის ინფრასტრუქტურა 100%-ით იქნება სახელმწიფო საკუთრებაში. მეორე ნაწილი მოიცავს ანაკლიის პორტის სახმელეთო ინფრასტრუქტურას, სადაც სახელმწიფო ეძებს პარტნიორს. ეს პარტნიორი შევა 49%-ში, საკონტროლო პაკეტი – 51% კი ექნება სახელმწიფოს.
სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნაწილში შესაძლოა, ვითანამშრომლოთ მათ შორის „აზიის განვითარების ბანკთანაც“ ან სხვა საფინანსო ინსტიტუტებთანაც, რომლებსაც მზაობა აქვთ. მაგალითად, ADB-ს მზაობა აქვს, რომ სახელმწიფოს გამოუყოს დაფინანსება და შემდეგ სახელმწიფომ თავისი საკონტროლო პაკეტის 51%-ის ფარგლებში ამ თანხის შენატანი გააკეთოს. ბუნებრივია, ეს რეგულირდება შემდეგ სახელმწიფოსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის სასესხო ურთიერთობებით“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
როგორც მანვე დასძინა, „აზიის განვითარების ბანკი“ ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარე არ იქნება, კერძოდ, ADB-მ შესაძლოა, სახმელეთო ინფრასტრუქტურისთვის გასცეს სუვერენული სესხი საქართველოსთვის და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს პროექტისთვის საჭირო თანხები.
აქვე მინისტრი აზუსტებს, რომ ანაკლიის პორტი იქნება „წმინდა წყლის ქართული პროექტი“, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება და რომლის საკონტროლო პაკეტიც სწორედ სახელმწიფოს ხელში იქნება.
„მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის პორტი არის წმინდა ქართული პორტი და ამას ვერ დაერქმევა ვერც ერთი სხვა სახელი. ზოგადად, ADB-სა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთანაც ასეთი თანამშრომლობა გვაქვს – ყველა იმ პროექტში, რომელიც სუვერენული დაფინანსებით ხორციელდება, გარანტორი არის სახელმწიფო, სახელმწიფო იღებს სასესხო დაფინანსებას და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ეს თანხები. „აზიის განვითარების ბანკი“, როგორც ასეთი, პროექტში მონაწილე არ იქნება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამოცხადებული ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. პორტი პირველი გემის მიღებას 2029 წელს გეგმავს.