ელჩების დაბარება არის კარგად გააზრებული გეგმის ნაწილი, რომლის დიდი მიზანიც, რა თქმა უნდა, არის საქართველოს იზოლაცია და ჩახსნა დასავლეთისგან , – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლაშა ძებისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
ლაშა ძებისაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპელი ელჩების დაბარებას ევროკავშირისგან პოლიტიკის რაიმე ცვლილება არ მოჰყვება.
„2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული თავდასხმები ელჩების მიმართ, დასავლეთის და განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენლებზე საქართველოში, თავდასხმები პერიოდული გახდა, უფრო გაიზარდა და პრაქტიკულად ყოველ დღე ვხედავთ მზარდ დინამიკას, რაც მგონია, რომ არ არის შემთხვევითი. ეს არის კარგად გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, გეგმის ნაწილი, რომლის დიდი მიზანიც რა თქმა უნდა არის საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან, საქართველოს ჩახსნა დასავლეთისგან. საბოლოომ ჯამში საქართველოს მოსახლეობის იმ მწარე რეალობის პირობებში დაყენება, რომ აქ აბსოლუტურად მარტო ვდგავართ, არ გვყავს არავითარი პარტნიორი, არავინ არ გვყავს და ერთადერთი, ვინც ჯერ კიდევ გვეკონტაქტება, არის ჩინეთი, რუსეთი და ჩვენი მეზობლები. ამ ახალ გარემოში ჩვენ სხვა გზები უნდა მოვძებნოთ.
ელჩების დაბარებას ევროკავშირისგან პოლიტიკის რაიმე ცვლილება არ მოჰყვება. გერმანიის მთავრობამ გააკეთა პირდაპირ განცხადება, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი ელჩის უკან. ჩვენ მრავალ ასეთ განცხადებას კიდევ ვიხილავთ. დინამიკა იქითკენ მიდის, რომ საერთო ჯამში, გვინდა თუ არ გვინდა, ახლო მომავალში ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ სულ უფრო ინტენსიურად მესიჯებს და განცხადებებს, სადაც ალტერნატივად იქნება შემოგდებული, რომ ასეთ პირობებში ხომ არ ჯობია, საბოლოოდ ჩავეხსნათ ევროკავშირს და ალტერნატიული გზები ვნახოთ“, – განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.
ლაშა ძებისაშვილი გადაცემაში მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყაველაშვილის სიტყვაში „ქართული ოცნების“ პირდაპირ ის გზავნილები იყო, რომელსაც ყველგან აჟღერებენ.
„პირველი ნაწილი წააგავდა სარეკლამო კლიპებს რომ უშვებენ ხოლმე – სამი ათასწლოვანი ისტორია, რელიგია, ტოლერანტობა და ა.შ. ეს არ არის ის ტექსტი, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენელმა უნდა გააცნოს, სულ სხვა პრიორიტეტებია სახელმწიფოს წინაშე. მეორე ნაწილი რაც არის, ეს არის ის გზავნილები, რასაც „ქართული ოცნება“ ყველგან აგზავნის და პირდაპირ გადმოტანილია ეს გზავნილები“, – განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა.
