ვინ არიან სუს-ის მაღალჩინოსნები, ვინც დაკავებული ლაშა ცანავას მტკიცებით, მის გადაბირებას ცდილობდნენ? სასამართლოში გაკეთებული სკანდალური განცხადებიდან რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ფაქტით არცერთი საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
საუბარია ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის იმ განცხადებაზე, სადაც ცანავა საუბრობს, რომ “მას სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებმა, თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება შესთავაზეს“.
ლაშა ცანავას ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, განცხადება შესაბამის ორგანოში გადააგზავნოს.
მათ არ სურთ, ლაშა ცანავამ გამოკითხვის ოქმში დააფიქსიროს, ის ყველაფერი რა ინფორმაციასაც ის ფლობს, თუმცა, დაკავებულმა დეტალებზე სასამართლოში უკვე ისაუბრა. ამიტომ, როცა პირი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე განაცხადებს, სასამართლოც ვალდებულია, განცხადება შესაბამის ორგანოში გადააგზავნოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრის, ლაშა ცანავას განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამ განცხადებიდან სამი დღეა გასული და გამოძიებას არც სუსი იწყებს და არც პროკურატურა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე პოლიტიკურია. სიმართლე გითხრათ, ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ სუს-ი და პროკურატურა რამეს გამოიძიებს, რადგან თავად დაგეგმეს, თვითონვე შეასრულეს და ლაშაც თვითონ დაიჭირეს. ცანავამ შემდეგი სიტყვები მითხრა – 9 წლამდე პატიმრობის კი არა, უვადო პატიმრობის მუხლით, რომ იყოს საქმე აღძრული, მაინც არ გახდებოდა აგენტი და არ გაყიდდა ძმაკაცობას და არ ითანამშრომლებდა სუს-თან. ის არის მხნედ, ყველას საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს”- ამბობს ადვოკატი.
ამასთან, სავარაუდო დანაშუაულის გამოძიებას “ნაციონალური მოძროაბა” ოფიციალურად ითხოვს.
ცნობისთვის, ლაშა ცანავას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.
ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
