ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
სასამართლო პროცესზე ლაშა ცანავამ დაკავების დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ სუს-ის შენობაში მასთან პოლიტიკური თანამდებობის პირი მივიდა და შესთავაზა, თავისუფლების სანაცვლოდ, “ყველა ნაბიჯის ჩაწერა”.
“გასაგებია, რატომაც დამაკავეს, რომ ამიყვანეს მოდულის შენობაში პოლიტიკური თანამდებობის პირი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯი უნდა ჩამეწერა. ლევან ხაბეიშვილზე უნდათ შურისძიება, რადგან მას ხშირად უხსენებია მათი უფროსი ანრი ოხანაშვილიც. უნდოდათ ჩამეწერა, მომესმინა მისთვის , ჩემთვის მეგობრობა და კაცობა უპირველესია”, – თქვა ლაშა ცანავამ პროცესზე.
პროკურატურამ ლაშა ცანავას “დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით და უფლების მცდელობის ფაქტზე” ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის თანახმად, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი – 2500 დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა”.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.