გია ხუხაშვილმა იმდენი ილაპარაკა, მათ შორის, ისეთი ფორმით, აღარ მინდა, მაგ კაცს პასუხი გავცე იმიტომ, რომ როდესაც ივანიშვილის კარზე მუშაობდი, ივანიშვილის მერე ექსპერტი იყავი, ახლა ისეთ განცხადებებს აკეთებ, მათ შორის, პოლიტიკურ პატიმარზე, პოლიტიკური განცხადების გამო რომ არის დაკავებული, ძნელია, შევაფასო უშვერი სიტყვების გარეშე, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გია ხუხაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი სრულ იზოლაციაშია და საინტერესოა, როგორ ახერხებს ამდენი განცხადების გავრცელებას. აქვე, ხუხაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, ხაბეიშვილის ნაცვლად სუს-ი ხომ არ ავრცელებს მის წერილებს.
ფარულავამ გია ხუხაშვილი „ტიტუშკებს“ შეადარა.
„მე თავს შევიკავებ და მას პასუხს აღარ გავცემ, რადგან არ ვიცი, საიდან მოსდის ამ კაცს… გახსოვთ ხომ, აქცენტი სალამურზე… ეს ადამიანი აკადემიურობით გამოირჩეოდა, ახლა ეს აკადემიური ჩარჩოები დატოვა და როგორც „ტიტუშკები“ იქცევიან მელიქიშვილზე, ცოტა დააკლდა და მაგაზეც გადავიდოდა.
სამწუხაროა, მისთვის არის ეს ტრაგედია, მისთვის არის ეს მძიმე, მათ შორის, სოციალურ ქსელში მისივე კედელზე ხალხმა გასცა პასუხი და საკმარისი მასზე ლაპარაკი. ჩვენ ხომ ჯერ ადამიანები ვართ და მერე ვართ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ა.შ. არ შეიძლება ასეთ სივრცეში, სადაც ადამიანები გვიყურებენ და გვისმენენ იმიტომ, რომ ჩვენი აზრები და პოზიციები აინტერესებთ, ერთმანეთს ვაგინოთ. ეს, მათ შორის, მეტყველებს მის ადამიანურ მდგომარეობაზე. მძიმედ არის ეს კაცი და მასზე აღარ მინდა კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ უბედურ დღეშია“, – განაცხადა ფარულავამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერი მათთვის არის ეგზისტენციალური დღე, რადგან რეპრესიები მათ კარზეცაა მიმდგარი.
„ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. რეპრესიები მათ („ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების) კარზეა მიმდგარი, მათ იციან, რა ელით, 4 ოქტომბერი მათთვის არის ეგზისტენციალური დღე, ან გადარჩებიან ან განადგურდებიან, ივანიშვილი ანადგურებს. რაღაც ჰიპოთეზას კი არ გთავაზობთ, ფაქტებს გეუბნებით. ჩვენ რომ ვამბობდით ციფრებს, ახლა ამ ციფრებს ამტკიცებს პროკურატურა. ამ ხალხმა უნდა დაიწყოს საუბარი იმაზე, თუ ვისთან იყო კავშირში ფულის გათეთრების სქემა. ეს 600 მილიონი ვინ მოსთხოვა მათ, ვინ ითხოვს საერთაშორისო სანქციების გამო დაკარგული ფულის ანაზღაურებას? – ითხოვს ივანიშვილი, მან მიიღო ფინანსური ზიანი და კომპენსაციას სთხოვს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს, რომელსაც თავად აძლევდა საშუალებას, რომ გაეძარცვათ ბიუჯეტი, ქართველი ხალხი და თვითონ დაიწყო, ეს კალაპოტი თავად ივანიშვილმა შექმნა“, – აღნიშნა ფარულავამ.
კითხვაზე, 4 ოქტომბერს ვის ელოდება აქციაზე, ფარულავამ უპასუხა, რომ აქციაზე „ქოცებიდან“ გამოყრილ „ქოცებს“ ელოდება“.
„ქოცებს“ ველოდები, რომლებიც გამოყარეს „ქოცებიდან“. „ქართული ოცნებიდან“ „ქოცები“ გაყარეს და დღეს მედროვეები დგანან. სად იყო 2012 წელს პაპუაშვილი? აი, მათიკაშვილის მამა კი ვიცი, სააკაშვილის სუფრაზე თამადა იყო. ეს მედროვე ადამიანები ახლა არიან „ქართულ ოცნებაში“ და ივანიშვილს ეუბნებიან, მაგრად ვდგავართო. მედროვეებზე შემდგარი ხელისუფლება თიხის ფეხებზე დგას და კი, ქართველი ხალხის დიდი ერთიანობა მათ ჩამოაქცევს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
