პოლიცია ძალადობის დირიჟორი იყო, გეკა გელაძე დასაჭერია – ამ უტიფარმა, სერიულ მკვლელად ქცეულმა თაღლითმა, კახა კალაძემ ბავშვები, ქალები, ახალგაზრდები გალახა და ჩვენ გვეუბნება, ეს ქალი არ არის და კაცი არ არისო – თვითონ იცის, ქალი რომ ქალია და კაცი რომ კაცია?! – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება შეაფასა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება და პასუხისგება ყველას მოუწევს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ შევიდა მძიმე სპირალში. ეს მათი ბოლო ჟამია. ვიხილეთ ქალებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე ძალადობა. ამ ყველაფერს, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა პოლიცია. პოლიცია ორკესტრის არა მხოლოდ ნაწილი იყო, არამედ დირიჟორი იყო იმ ძალადობის, რომელიც მელიქიშვილზე ვიხილეთ. სწორედ გუშინ, ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა იმისთვის, რომ პასუხი გაეცათ კახი კალაძისთვის. ეს იყო კახი კალაძისადმი თბილისელების პასუხი იმ ძალადობისთვის, რომელიც პოლიციასთან ერთად მოაწყო. ამაზე უბრალოდ პასუხისმგებელი კი არ არის გეკა გელაძე, არამედ დასაჭერია. ნამდვილად, ქვეყანაში აღდგება სამართლიანობა და ყველას მოუწევს პასუხისგება. ეს უტიფარი, სერიულ მკვლელად ქცეული თაღლითი, რომელსაც თბილისის მერი ჰქვია და გველაპარაკება არჩევნებზე, რეალურად, არის მძიმე დამნაშავე. ბავშვები, ქალები, ახალგაზრდები გალახა და ჩვენ გვეუბნება, ეს ქალი არ არის და კაცი არ არისო. თვითონ იცის, ქალი რომ ქალია და კაცი რომ კაცია?!,“ – განაცხადა ფარულავამ.
მან, ასევე, 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „4 ოქტომბერი არის დიდგორი“.
„[საზოგადოება] ელოდება ჩვენს ერთიანობას, დიდ წინააღმდეგობას და ცხადია, არა მხოლოდ მელიქიშვილზეა აქციები ყოველდღიურად საჭირო, არამედ საჭიროა გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენთვის 4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ აქცია, ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის დიდგორი! ვიღაცას გაეცინება, რა დიდგორი?! კი დიდგორია, როდესაც ეს კრიმინალური დაჯგუფება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, პოლიცია პოლიციას აღარ ჰგავს, სასამართლო სასამართლოს, არჩევნები არჩევნებს, დემოკრატია გაუქმებულია. ამ ბრძოლამ პარტიული ჩარჩოები დატოვა. არსებობს ერთ ბრძოლა, ერთი დიდგორი, ეს არის 4 ოქტომბერი და ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა „დავაფინიშოთ“,“ – აღნიშნა ფარულავამ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში შეაფასა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადება, რომ „ხაბეიშვილს აქვს მშვიდობიანად დაკავების პერსპექტივა“ და აღნიშნა, რომ მის თანაგუნდელს „ვერაფერსაც ვერ უზამენ“.
„მიდი, დააპატიმრონ, აბა. ლევან ხაბეიშვილი რაზე უნდა დააკავონ?! იცი, ვინ უნდა დააკავონ?! ვინც უნდა დააკავონ, არის თაღლით კალაძე, სერიულ მკვლელად რომ ჩამოყალიბდა. მისმა მმართველობამ თბილისში ბავშვები მოკლა. [ხაბეიშვილს] ვერაფერსაც ვერ უზამენ. ვერავის ვერაფერს უზამs. იცით რა?! არც ციხის კარით და იქ შესვლით მთავრდება პოლიტიკა ამ ქვეყანაში. ივანიშვილი დასრულდება 4 ოქტომბერს, მისი რეჟიმი „დაფინიშდება“. არა მხოლოდ ხაბეიშვილს, საზოგადოებას აქვს დაწყებული მასობრივი მობილიზება 4 ოქტომბრისთვის. „ქართuლი ოცნება“ ფიქრობდა, რომ შემოდგომაზე ქუჩაში აღარავინ გამოვიდოდა, ჯარიმები და დაპატიმრებები იმუშავებდა, მაგრამ არ მუშაობს. 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ საბოლოო დასასრული იქნება,“ – განაცხადა ფარულავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა, მათ შორის გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ განცხადებას: „ნაცებმა“ იმიტომ ააყირავეს მაგიდა, რომ იცოდნენ, ვერც მელია და ვერც „ნაცების“ კანდიდატი ვერ იქნებოდა საერთო ოპოზიციური კანდიდატი“.
ლაშა ფარულავამ პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას „გაქცეული, შეშინებული, დამფრთხალი“ უწოდა.
„სად არის გახარია?! სად იმალება ეს ვაჟბატონი, იქიდან რომ ჭკუას გვარიგებს?! გაქცეული, შეშინებული, დამფრთხალი. ჩამოვიდეს, დადგეს ჩვენთან ერთად, თუ აქვს სურვილი ივანიშვილის დამარცხების და თუ მას არ აქვს ივანიშვილის დამარცხების სურვილი და მეხამრიდის როლს ასრულებს, რომ გზა აურიოს ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან, ნურას უკაცრავად! ყველაფერი გამოკრისტალდა. ყველამ მიიღო თავისი ადგილი,“ – აღნიშნა ფარულავამ.
