ჩვენი სტუდენტობა მუდამ იყო, არის და იქნება ეროვნული იდეის – ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, „ივანიშვილის პარტია სტუდენტურ თვითმმართველობებს რუსულ კანონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, მაგრამ არ მგონია, რომ რამე გამოუვიდეთ!“
„ჩვენი სტუდენტობა მუდამ იყო, არის და იქნება ეროვნული იდეის – ევროინტეგრაციის მხარდამჭერი! ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის პარტია სტუდენტურ თვითმმართველობებს რუსულ კანონს აცნობს და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, მაგრამ არა მგონია რამე გამოუვიდეთ! თუმცა, საუნივერსიტეტო სივრცეში არსებობს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც სტუდენტური თვითმმართველობის სახელით ვიცნობთ.
არადა, თვითმმართველობები უნივერსიტეტებში აბსოლუტურად სხვა მიზნითა და ამოცანით შეიქმნა. 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, ბოლონიის პროცესის რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ცხადია, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ეს იყო საეტაპო მნიშვნელობის რეფორმა, ვინაიდან ქართველ ახალგაზრდებს ამის შემდგომ გაეხსნათ გზა ევროპულ სასწავლებლებში, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ქართული სახელმწიფო.
მობილობის სტუდენტური პროგრამით ახლა უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს, თუმცა, ქართული ოცნების მიერ უკან შემობრუნებული რუსული კანონი, ამ მნიშვნელოვან პროგრესსაც კი რისკის ქვეშ აყენებს და ევროპისკენ მიმავალ გზას გვიღობავს. სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერებო, ნუ წამოეგებით ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ 30 ვერცხლს!“ – წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.