ეს ტერორი პირდაპირ უკავშირდება თინა ბოკუჩავას პოლიტიკურ საქმიანობას, მის აქტიურობას, რეგიონებში სიარულს, ჩვენი პარტიის რეგიონული ლიდერების დარწმუნებას, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“გადაცემაში „რეზიუმე“ პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებაზე საუბრისას.
ლაშა ფარულავას თქმით, ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ბანდფორმირებები, რომლებიც უკვე პოლიტიკოსებს ესხმიან თავს.
„პარტია არ გაჩერებულა, თინას ჰქონდა შეხვედრები აბსოლუტურად ყველა ქალაქში, რეგიონში, შეხვდა საკრებულოს წევრებს. ყველაზე მეტად თუ ვინმეს სჭირდება თვითმმართველობის არჩევნები ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ივანიშვილმა თვითმმართველობის არჩევნები, როგორც მოვლენა, გააუქმა. ეს ტერორი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, მის აქტიურობას, რეგიონებში სიარულს, დარწმუნებას ჩვენი პარტიის რეგიონული ლიდერების, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ეს სწორედ მის პოლიტიკურ პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება. ჩვენ შევედით ბრძოლის იმ სპირალში, როცა ასეთი ტერორი აღარ გვიკვირს, გამოძიებაზე ლაპარაკი აღარ არის, ჩვენ ვხედავთ არალეგიტიმური პარლამენტის წევრების განცხადებებს, რომელიც ადამიანობაშიც აღარ ჯდება.
ფაქტობრივად არა მხოლოდ რუსული რეჟიმია, არამედ კადიროვის მეთოდებს იყენებს ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი სივრციდან გასულია, აღარც კონსტიტუცია, აღარც სასამართლო, აღარც თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს, აბსოლუტურად ყველგან არის ივანიშვილის ინტერესი. ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რომ ბანდფორმირებები ჩამოაყალიბა ქვეყანაში. ეს ბანდფორმირებები უკვე პოლიტიკოსებს ესხმიან თავს, პოლიტიკოსების ოჯახებში შედიან და დაიწყეს ღია ტერორი. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენ ვნახეთ ლევან ხაბეიშვილს როგორ გაუსწორდა ხარებას რაზმი, ვინმე დაისაჯა? არავინ. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში დაასისხლიანეს და სცემეს, ვინმე არის დასჯილი? არავინ არ არის დასჯილი. ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს, რომ ხვალ აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი, მათ მოუწევთ პასუხისგება, მოუწევთ იმ სპირალის გავლა, ოღონდ თავისუფალ სასამართლოში და შერცხვებათ, თავიანთი შვილების შერცხვებათ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას უფლება დაცული და გარანტირებული იქნება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
