ლაშა ტყეშელაძე ზურაბ აბაევის საქმეზე – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ვთხოვ, ნუ უნთებს მწვანე შუქს მოძალადე პოლიციელებს – არიან მოწმეები, არსებობს კადრები, თვითონ დაზარალებულიც ამბობს, ვინ სცემა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ვთხოვ, ნუ უნთებს მწვანე შუქს მოძალადე პოლიციელებს – არიან მოწმეები, არსებობს კადრები, თვითონ დაზარალებულიც ამბობს, ვინ სცემა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ ნაძალადევის მე-9 განყოფილების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტყეშელაძე მოითხოვს, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ის პოლიციელები, რომლებმაც 16 სექტემბერს ენმ-ს ნაძალადევის ოფისთან, ზურაბ აბაევს სცემეს.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ვთხოვ, ნუ უნთებენ მწვანე შუქს ამ მოძალადეებს. პოლიციელებმა შუა ქუჩაში, ათობით ადამიანის თვალწინ იძალადეს და ეს ადამიანი ახლა საავადმყოფოშია. არსებობს „ფორმა 100”, სადაც პირდაპირ წერია დაზიანებები. ეს მოძალადეები უნდა დაისაჯონ და გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რადგან მათი ძალადობის ამსახველი კადრები არსებობს, არიან მოწმეები და თვითონ დაზარალებულიც ამბობს, ასე რომ, ყველაფერი ნათელია. მთავარია მხოლოდ პოლიტიკური ნება”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ასევე, ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ ზურაბ აბაევი საავადმყოფოს დღეს დატოვებს.
„მხოლოდ იმიტომ დავისაჯე, რომ „ქოცებისკენ” არ ვარ, ხმებს არ ვუგროვებ. კამერებითაც რომ გასაჯაროვდება, რაც იქ მოხდა, ყველა საკუთარი თვალით დაინახავს. დაინახავს, როგორ ექცევა პოლიცია ადამიანს, რომელიც მათ მხარეს არ არის. არავინ ვართ ვალდებული, ვინმეს მხარეს ვიყოთ, რადგან ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს და იქ უნდა ვიყოთ, სადაც საღი აზრია. პირადად მე იქ მელოდებოდნენ, მაშინვე მეცნენ და მაგრად მცემეს იქაც, განყოფილებაშიც – დაზიანებები მეტყობა. დიაგნოზიც არსებობს, მხოლოდ ლაპარაკი რომ არ გამოვიდეს. მე რომ გავჩუმდე, მერე თქვენი ძმები, მამები, ქმრები უნდა სცემონ, ამიტომ ჯობია, ვისაც ასე ექცევიან, ყველამ ხმა ამოიღოს, რათა დამთავრდეს ასეთი რაღაცები ერთხელ და სამუდამოდ”, – განაცხადა ზურაბ აბაევმა.
„ცნობისთვის, 16 სექტემბერს ზურაბ აბაევს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები ენმ-ს ნაძალადევის ოფისთან ჩაუსაფრდნენ, მოსთხოვეს პირადობა, მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩატენეს მანქანაში და გადაიყვანეს შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, სადაც შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე იმყოფება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ