მოჯადოებულ წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ. კამერა რომ გამოჩნდება, პოლიტიკოსები მარტო მაშინ იღვიძებენ, კამერა მიდის იძინებენ, პროგრამებს არ წერენ, საზოგადოებასთან არ მუშაობენ, ხალხს არ ელაპარაკებიან, რა უნდათ. ეს ყველას ეხება, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, საჭიროა, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პარტიული სისტემები ჩამოყალიბდეს.
„ისეთი პარტიები გვჭირდება, როგორიც არის ევროპაში. 90-იანი წლების შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და პარტიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ამიტომაც, ვერასოდეს შევძელით, რომ ერთმა პარტიამ მეორე ჩაანაცვლოს არჩევნების გზით. ყოველთვის ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: გაყალბება, მოტყუება, მაიმუნობა, კორუფცია, მედიები პარტიებთანაა შეზრდილი. ხელისუფლება და პარტია სხვადასხვა რამეა, ჩვენთან ერთი და იგივეა – ახლა, კიდევ უფრო უარესი გახდა, დრამატულად ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული. ასეთი რამე არ გამიგია, შეიარა პარლამენტში, „ახლა წავედი სახლში და ბიჭებო გააგრძელეთო“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ლაშა ტუღუშის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ძალიან ცოტა სიცხადეა და საჭიროა, რომ ოპოზიციამ უთხრას ხალხს რას აპირებს, რათა ხალხმა მათ მხარი დაუჭიროს.
„სიცხადე ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, რაც დღეს ნაკლოვანია, ცოტაა სიცხადე. ითქვა, რომ ახლა იწყება ბრძოლა და გაგრძელდება, მაგრამ რა მოლოდინები გაქვს უფრო მკაფიოდ უნდა ახსნა. გასაგებია, რომ არ შედიხარ პარლამენტში, გასაგებია, რომ ჩახსენი სიები, გავიგე, მაგრამ, რას აპირებ ამის შემდეგ, უნდა უთხრა ხალხს, თუ გინდა, რომ მხარი დაგიჭიროს ამ რთულ გზაზე. ემოციურად კი არ უნდა ილაპარაკო, რომ დაჯდები და მოიფიქრებ, აღარ გამოვა ეგრე“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.