ლაშა ტუღუში – ოპოზიციურ პარტიებს შორის სიძულვილი დროზე უნდა შეწყდეს! ურთიერთდაპირისპირება აზიანებს ორივე მხარეს, რაც ნიშნავს, რომ მოიგებს „ქართული ოცნება“ – აუცილებლად გვჭირდება ერთმანეთთან დალაპარაკება!

სიახლე არ არის, რომ ჩვენი ციხეები ივსება სინდისის პატიმრებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებით. ეს ამათი სახეა, უბრალოდ გვაკვირვებენ ხოლმე რაღაც მოულოდნელობებით, როდესაც აკადემიკოსს დაიჭერენ, 70 წელს გადაცილებულს, ქალებს იჭერენ, 4 შვილის დედას იჭერენ -ჰგონიათ, რომ დაჭერებით გატეხენ სულს ამ ერისას და ამ ახალგაზრდების. ვერ გატეხენ! კიდევ უფრო დიდ ხრამს ააშენებენ და საბოლოო ჯამში, თვითონ აღმოჩნდებიან ამ ხრამის ფსკერზე, – ამის „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.
მისი თქმით, დაჭერების გზას, მათ შორის ღამის საათებში, ირჩევენ ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები და ამას იყენებენ როგორც დაშინების კლასიკურ მეთოდს, თუმცა, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ხელისუფლებები საქართველოს მსგავს ქვეყანაში განწირულები არიან.
„ძალიან სამწუხაროა ის, რასაც ვუყურებთ – დაპატიმრებებს, თუმცა ჩვენთვის არ არის უცნაური და მოულოდნელი, იმიტომ, რომ მათ სახე კარგა ხანია აჩვენეს ამ საზოგადოებას და სიახლე არ არის, რომ ჩვენი ციხეები ივსება სინდისის პატიმრებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებით და ა.შ. ეს ამათი სახეა, უბრალოდ, გვაკვირვებენ ხოლმე რაღაც მოულოდნელობებით, როდესაც აკადემიკოსს დაიჭერენ, 70 წელს გადაცილებულს, ქალებს იჭერენ, 4 შვილის დედას იჭერენ და ა.შ. საბოლოო ჯამში, სურათი მოსალოდნელი იყო და ვითარდება იმ სცენარით, რაც ჩანდა კიდეც, იმიტომ, რომ დაჰპირდნენ ამას და რასაც დაჰპირდნენ, ამ ბრუტალურ სცენარს, იმას ასრულებენ. არსენალი ცნობილია, როდესაც პოლიტიკოსების რაღაც ჯგუფი აშენებს ავტორიტარიზმს, ტოტალიტარიზმს თუ დიქტატურას, ისინი ამ გზით მიდიან და ცდილობენ დაშინებას, გაჩუმებას, მორგებას საკუთარ ინტერესებზე.
კომუნისტებს ძალიან უყვარდათ ხოლმე გამთენიისას, ადამიანი როდესაც ყველაზე მოწყვლადია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაშინ უბრახუნებდნენ ხოლმე კარებზე. ეს არის არაადამიანური მეთოდი, რომელსაც იყენებენ ე.წ. დიქტატორული ტიპის ხელისუფლებები საზოგადოების წინააღმდეგ. ეს არის ზოგადი პრევენცია, როდესაც აფრთხილებ დანარჩენ საზოგადოებას, რომ შენც შეიძლება დაგემართოს. ეს არის დაშინების კლასიკური ნიმუში, რომელსაც ცდილობენ ეფექტურად გამოიყენონ. მაგრამ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, წინააღმდეგობის სული ამ ქვეყანაში არის ძალიან ძლიერი და ამ სულისკვეთებას ვერ ცვლიან. რამდენი რამე გააკეთეს – ქალი დაიჭირეს, საჯაროდ გააკეთეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავინახეთ რამდენი ადამიანი აპროტესტებს ამ კურსს, რომელიც ხელისუფლებას აქვს, მე ვიტყოდი, ასობით ათასი ადამიანია, რომელსაც არ მოსწონს, რაც ხდება. ეს ითხოვს სერიოზულ პასუხებს, მაგრამ არა ისეთს, როგორც ხელისუფლება პასუხობს. მათ ჰგონიათ, რომ დაჭერებით გატეხენ სულს ამ ერისას და ამ ახალგაზრდებისას. ვერ გატეხენ! კიდევ უფრო დიდ ხრამს ააშენებენ და საბოლოო ჯამში, თვითონ აღმოჩნდებიან ამ ხრამის ფსკერზე. ასეთი ტიპის ხელისუფლებები ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია, განწირულნი არიან ასეთი ფინალისთვის,“ – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“, რომელიც სიძულვილის მანქანას დაემსგავსა.
„ქართული ოცნება“ ვინაიდან არის მთავარი მოთამაშე ამ პოლიტიკურ ვაკხანალიაში, ცხადია, მასზე მოდის ძირითადი პასუხისმგებლობა და მე ვიტყოდი, რომ ეს გუნდი ემსგავსება სიძულვილის მანქანას, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება ამ სიძულვილსა და მიუღებლობაში,“ – განაცხადა ტუღუშმა.
ის ამ პროცესში ოპოზიციის როლსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება უნდა შეწყვიტონ, რადგან ამ პროცესში მხოლოდ მმართველი ძალა გაიმარჯვებს.
„ასეთი სიძულვილის ენა ერთმანეთის მიმართ აზიანებს ორივე მხარეს, აქ მოგებული არ არსებობს. ავიღოთ ორი მხარე, ერთი, რომელიც ს მომხრეა, მეორე, რომელიც ბოიკოტის. მათ შორის, ასეთი ურთიერთდაპირისპირება, ასეთ ხარისხში მსჯელობა ერთმანეთზე, ორივეს აზიანებს და ორივეს დაზიანება ნიშნავს, რომ მოიგებს ის, ვისი კურსიც დღეს ჩვენ არ მოგვწონს. მთავარია, რომ ეს დროზე შეწყდეს. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მათთვის ეს პოლიტიკა, უნდა მოიძებნოს გარკვეული „Modus operandi“ – მოქმედებების მოდელი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთმანეთთან დალაპარაკება, ანალიზი არის აუცილებელი. რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. არ შეიძლება დაუნდობელი ბრძოლა ერთმანეთის მიმართ, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. საერთო დიდი მიზნები რომ არსებობს, უნდა მოინახონ საერთო ინტერესები, იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, რა განსხვავებებია“, – განაცხადა ტუღუშმა.