ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება

არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ. ყველაზე მეტად არასერიოზულია ის პოზა, რომელიც უკავიათ, რაღაც გმირობის სიმულაცია, ვითომ ვაჟკაცური, ვითომ მაგრად დაუდგა „საწყალ“ გერმანიას. სასაცილოა ამათი პოზიციონირება, – ასე აფასებს „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში საქართველოსთვის სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზიანს შეიძლება ნიშნავდეს.

„ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია. მას აქვს ორი განზომილება. ერთია სიმბოლური განზომილება, როდესაც იმ სახელმწიფოთა რიგში ხვდები, სადაც შეიძლება ეს მექანიზმი აამოქმედეს, თავისთავად სიმბოლურია. ის ქვეყნები, რომ ჩამოვთვალოთ, ვინც აღმოჩნდა ამ „კლუბში“, ისინი არ გამოირჩევიან რეპუტაციულად, ისინი არიან ცუდი სახელმწიფოები, რომლებიც მოქალაქეებს ჩაგრავენ, არსებობს წამების ფაქტები, არსებობს დაპატიმრების არაერთი ფაქტი და ა.შ.

რაც შეეხება პრაქტიკულ განზომილებას, ძალიან მძიმე ზიანს აყენებს ამ მექანიზმის დასკვნა ქვეყანას. ზიანი იზომება, როგორც პოლიტიკური წონით, ასევე ეკონომიკურითაც. საინვესტიციო გარემო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აწამებენ, სადაც სასამართლო არ არსებობს, იმ ქვეყანაში ფული არ შემოვა. მითუმეტეს, ისეთი ქვეყნები, სადაც ეს მექანიზმია – , თურქმენეთი, იქ არის რესურსი, რითაც ქვეყანას რაღაცნაირად ინარჩუნებს, მაგრამ საქართველოს რესურსი რა არის? – მისი გეოგრაფია და ხალხი.

არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ. ყველაზე მეტად არასერიოზულია ის პოზა, რომელიც უკავიათ, რაღაც გმირობის სიმულაცია, ვითომ ვაჟკაცური, ვითომ მაგრად დაუდგა „საწყალ“ გერმანიას. სასაცილოა ამათი პოზიციონირება. თურმე ფაქტები არ არის და გარშემო ყველა იტყუება, მარტო ესენი ამბობენ სიმართლეს“,- განაცხადა ტუღუშმა.

როგორც ტუღუში აცხადებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „მსოფლიოს იმ ნაწილს ძალიან ცუდად ელაპარაკებიან“.

„გასაგებია, რომ ძალიან ეშინიათ. შეუძლებელია ვერ ხვდებოდე, რომ ამის გაგრძელება შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. ყველაფერი, რაც აქ არის არის მყიფე და სიმულაციური, მათ შორის, ეკონომიკა … მსოფლიოს იმ ნაწილს ძალიან ცუდად ელაპარაკებიან“, – განაცხადა ტუღუშმა.