სამთავრობო ცვლილებები შეიძლება გულისხმობდეს პოლიტიკის ცვლილებას მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კორექტირებასაც კი, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო გადაადგილებები შიდაპარტიული ცვლილებების პოტენციალსაც შეიცავს.
„გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ღიად შემოვიდა პოლიტიკაში, რაც გულისხმობდა სიახლეებს. ის მხოლოდ შემოსვლით და იმ პოზიციით არ დაკმაყოფილდებოდა, რომელიც მას პარტიამ მოუმზადა. ბუნებრივია, ის მოდის ამ ფორმით პოლიტიკაში და ეს კიდევ დამატებით რაღაცას გულისხმობს. ცხადია, რა არის ეს „დამატებითი“ უკვე დავინახეთ, თუმცა ბოლომდე არ ჩანს, რატომ. აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ნაბიჯი, რომელიც მალე გამოჩნდება. პირველი ყველაზე მარტივი და ნეიტრალურია ის, რომ მოდის დიდი მოთამაშე. არის ჭადრაკის დაფა. იმისთვის, რომ გვაჩვენოს ის არის მთავარია, უბრალოდ გადააადგილა ფიგურები დაფაზე. ეს არის ყველაზე ნეიტრალური ვითარება. მეორე უფრო ღრმა ვითარებაა, როცა ის გადაადგილებები გარკვეულ შინაარსსაც შეიცავს. ეს გადაადგილებები შიდა ცვლილებების პოტენციალსაც შეიცავს. ვგულისხმობ, შიდაპარტიულ ცვლილებებს, სავარაუდოდ, ნაკლოვანებების დანახვას, კორუფციულ სკანდალებს… თეორიულად, ესეც შეიძლება მოხდეს, თუ ბიძინა ივანიშვილმა ამის საჭიროება დაინახა და მეორე, ასევე, ცვლილებები შეიძლება გულისხმობდეს პოლიტიკის ცვლილებას მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კორექტირებასაც კი. ესეც არის საკითხი, რომელიც შეიძლება ნაკლებად სავარაუდოა დღეს, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. პირველ რიგში, ვგულისხმობ უკრაინაში მიმდინარე ომს. ეს პოტენციალი არსებობს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ერთმანეთს ცვლიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური ბექრაუნდი აქვთ. ირაკლი კობახიძე არის სხვა ტიპის პოლიტიკოსი, ის მოდის აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო პოლიტიკიდან, პარლამენტში მუშაობის დიდი გამოცდილებით, რაც გულისხმობს მეტ თავისუფლებასა და მეტ შესაძლებლობებს პოლიტიკურ პროცესში მანევრების განხორციელების თვალსაზრისით. რუსეთ-უკრაინის ომი სერიოზული გამოწვევაა და ეს გამოწვევა, შედეგები შეიძლება გახდეს გარკვეული ბიძგი [პოლიტიკის] კორექტირებისა. მე ამას არ ვისურვებდი, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნის დიდი უმრავლესობისთვის, დარწმუნებული ვარ, გაცხადებული პროდასავლური კურსი აბსოლუტურად მისაღებია. თეორიულად ჩვენ ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, რა იქნება მალე გამოჩნდება. ასევე, მნიშვნელოვანი თემაა, რა ბედი ელის მთავრობას და ვინ მოდის ხელისუფლებაში. აქაც კობახიძის თავისუფლების ხარისხი გამოჩნდება იქიდან, რამდენად მოხერხდება ძალოვანი და ფინანსური ბლოკის მინისტრების დაკომპლექტება მისი გემოვნებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როცა მან აქცენტი გააკეთა კორუფციაზე, ცხადია, საზოგადოება ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს. რას ნიშნავს ეს? ეს იყო უბრალოდ სიტყვისთვის ნათქვამი, ვიღაცები შეაშინა მხოლოდ, თუ ამ შეშინების უკან რეალური ქმედებები იგულისხმებოდა. სხვათა შორის, რაღაც ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით. რამდენიმე დღის წინ, ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციების შემოწმება. თუ ეს ნაბიჯები გადაიდგა და რაღაც ტენდენციები ჩანს კორუფციის მიმართულებით, ჩვენ დავინახავთ, ეს რამდენად ობიექტური იქნება ან რამდენად სელექციური. ერთგულების ნიშნით გაკეთდება თუ კანონის უზენაესობის მიხედვით იქნება. ვფიქრობ, მალე გაირკვევა. მმართველი გუნდისთვის ბევრი დრო არ არის მიცემული“,- განაცხადა ტუღუშმა.
რაც შეეხება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით გუშინ გამართულ სამუშაო შეხვედრას, როგორც ტუღუშმა აღნიშნა, გუშინ გამოჩნდა ის, რომ გვაქვს შანსი საქმემ წინ წაიწიოს და შედეგი დაიდოს.
„ჩემმა კოლეგებმა რაც დაინახეს იყო ის, რომ ოპოზიცია არის მოწადინებული, მონდომებული სამუშაო პროცესში მიიღოს მონაწილეობა და ეს არ იყოს მხოლოდ დეკლარაციული ყოფნა, საზოგადოების დასანახად ყოფნა. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები, რაც მნიშვნელოვანია. ეს არის ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევა. ასეთი ხარისხის კონსოლიდირებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება წინა პროცესში არ იყო. ახლა ვითარება შეცვლილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ კონსოლიდაციის მეტი ხარისხია და მეტი კონკრეტული ნაბიჯები მოჩანს მნიშვნელოვანი მოთამაშეების მხრიდან. [9 პუნქტში] ახლა ბუნდოვანება ნაკლებია და პირდაპირაა მოცემული, რა უნდა გაკეთდეს. პასუხისმგებლობა ძალიან მკაფიოა და ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფები, რაზეც, როგორც მე ვიცი, დათანხმდა. გუშინ გამოჩნდა ის, რომ ჩვენ გვაქვს შანსი საქმე წინ წავწიოთ და შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა ტუღუშმა.