ლაშა რიჟამაძე – ევროპის ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ფასთა შორის სხვაობაც დიდი იქნება, მაგ დონემდე ცვლილება შეუძლებელია – რეგულირება ეხება არა ფასს, არამედ ურთიერთობას და აწესებს ჩარჩოებს, რის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ კომპანიებმა ფასი დასწიონ

ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ კარნახობს პირობას ბაზარზე. არც სადისტრიბუციო კომპანია და არც ადგილობრივი მწარმოებელი არ არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების

მქონე და არის შემსყიდველი – ეს პროცესი უნდა წარიმართოს იმ ფორმით, რომ რეალურად არ დაზიანდეს არცერთი მხარე და საბოლოოდ მომხმარებელი – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა რიჟამაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პროდუქციის საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით კიდევ დიდი ხარჯები არსებობს, რომელიც ფასზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

ამასთან, მისივე განმარტებით, საკითხის რეგულირება პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა დადებით როლს ითამაშებს.

„ასოციაციამ და წევრმა სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემატური საკითხების შესახებ, განსაკუთრებით, რაც არსებობს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ურთიერთობის ფარგლებში. მათ შორის, დაისვა კითხვები „რითეილის“ პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც წინა შეხვედრაზე დაგროვდა, როდესაც სამთავრობო კომისია შეხვდა „რითეილ“ სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია და სექტორის პოზიციები. ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ კარნახობს პირობას ბაზარზე. არც სადისტრიბუციო კომპანია და არც ადგილობრივი მწარმოებელი არ არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე და არის შემსყიდველი. მათ შორის, ვისაუბრეთ საერთაშორისო პრაქტიკაზე. მსგავსი ტიპის ურთიერთობებში, ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ეს კანონმდებლობა და ამ კუთხით რეგულირება, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არსებითად იმ საკითხებს ვერ გადაჭრის, რაც შეიძლება ფასებზე კიდევ დამატებით ზეგავლენას ახდენდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, დადებით როლს ითამაშებს. უბრალოდ, ეს პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წარიმართოს იმ ფორმით, რომ რეალურად არ დაზიანდეს არცერთი მხარე და საბოლოოდ მომხმარებელი. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ის რაც არის მოქცეული ჩარჩოში, პირობითად არის დაწესებული ე.წ. ქეშბექის ზედა ზღვარი, ახალი მაღაზიის გახსნის საფასურის გადასახადი, თაროზე მოხვედრის გადასახადი თუ ა.შ. აქ გარკვეული ტიპის რეგულირება მწარმოებელსაც და დისტრიბუტორსაც შესაძლებლობას მისცემს პროპორციულად დაადგინოს ზღვარი, ან აიკრძალოს. ამას დადებითი ზეგავლენა ექნება ფასზე.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მწარმოებლები, ევროპა თვითონ არის მწარმოებელი, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ერთი და იგივე ფასი ვერ იქნება შეთავაზებული მწარმოებლის მიერ 3 მილიონიანი და 60-70 მილიონიანი ქვეყნისთვის. აქ უკვე ფასთა შორის სხვაობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მაგ დონემდე რაიმე ტიპის ცვლილება მოხდეს, ეს ფიზიკურად და ტექნიკურადაც კი შეუძლებელი აღმოჩნდება, იმიტომ, რომ საბაჟომდე ტრანსპორტირების გარდა, დამატებით კიდევ დიდი ხარჯები არსებობს, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს რეგულირება არა ფასს, არამედ ურთიერთობას ეხება და აწესებს კონკრეტულ ზღვრებს და ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა და სადისტრიბუციო კომპანიამ ფასი დაწიოს. ის იხდის ამას იმისთვის, რომ ქსელში იყოს მისი პროდუქცია განთავსებული“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომას სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.