ლაშა პაპაშვილი ჰყვება, 2018-2019 წლებში რატომ აჭმევდა „ყვარლის ბაგა“ საქონელს ქათმის ნაკელს

რატომ აჭმევდა „ყვარლის ბაგა“ საქონელს “ჩირინასგან” ნაყიდ ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში და იყენებდა თუ არა მერეც პირუტყვის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს? – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა „ყვარლის ბაგას“ მფლობელ ლაშა პაპაშვილთან ინტერვიუში.
ბიზნესმენმა „წერტილში“ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც რამდენიმე დღის წინ, კომპანია „ყვარლის ბაგას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ 2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს გადამუშავებული ქათმის ნარჩენი დაემატა; თუმცა როგორც ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, მას შემდეგ, რაც კომპანია „ჩირინას“ მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია.
– ბატონო ლაშა, რატომ აჭმევდა „ყვარლის ბაგა“ საქონელს ქათმის ნაკელს 2018-2019 წლებში?
– ვფიქრობ, ძალიან გადაჭარბებულად არის ეს თემა წამოწეული. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ რატომღაც დღეს, 6 წლის წინანდელი ამბავი წამოვწიეთ – რა მოხდა და როგორ და, არავინ არაა ამით თავატკივებული, ან გემო არ მოსწონს… ამ თემას დაზარალებული არ ჰყოლია არც მაშინ და დღემდე.
– თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნორმალური იყო [მომხმარებლისთვის საქონლის საკვებში ქათმის ნაკელის გამოყენების აღმოჩენა]…
– ამ ინდუსტრიაში ძალიან ნორმალურია… როგორც „ყვარლის ბაგას“ განცხადებაშიც ეწერა, 2015-2020 წლებში გვყავდა ებრაელი მენეჯერი და 2018-2019 წლებში საქონლის კვების რაციონში ვიყენებდით ქათმის ნაკელს. ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც – https://www.feedipedia.org/node/66. ებრაელმა კონსულტანტმა როცა დააყენა ეს საკითხი, იმდენად არგუმენტირებულად თქვა, ვერ შევეწინააღმდეგეთ. თვითონვე შემოიარა ფერმები საქართველოში და თქვა, რომ ვერ მივიღებ ამ ფერმებისგან [ნაკელსო]; მაშინ ჩემი რჩევა იყო – „ბიუ-ბიუს“ ფერმა ნახე?! ის უფრო ევროპული სტანდარტისაა“. რამ მათქმევინა… ებრაელი მენეჯერი წავიდა, ნახა და თქვა – „ესენი უფრო კარგები არიანო, ხარისხიანი ფერმააო“…
– თუმცა ამბობთ, რომ ახლა საქონლის კვების რაციონში ქათმის ნაკელს არ იყენებთ…
– სულ 1 წელი იყო ეს ქეისი… დაახლოებით, 7-8 თვე იკვება საქონელი [ქათმის ნარჩენით], რაც პროტეინის შემცველი დანამატია ეს და ინდუსტრიისთვის ცნობილია.
– „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის თქვენ მიერ გაგზავნილ წერილობით პასუხში ეწერა, რომ ქათმის ნაკელი მსოფლიოში აღიარებულია პროტეინის იაფ წყაროდ…
– მთლად იაფი არ მითქვამს…
– ასე ეწერა. შედარებით იაფ წყაროდ მიიჩნევაო… თუ ასე იყო, რატომ არ იყენებდით მერე და რით არწმუნებთ მომხმარებელს, რომ ახლაც არ იყენებთ?
– სასამართლო რატომაც გვაქვს ამ ხალხთან [იგულისხმება ბიზნესმენ რეზო ვაშაკიძის კომპანია „ჩირინა“]… ინდუსტრიისთვის ცნობილია, მაგრამ საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახავთ, რომ ქათმის ნარჩენი [საქონლის კვების რაციონში] დღესაც ბევრ ქვეყანაში მოიხმარება…
– მოიხმარებოდა…
– არა, ბევრ ქვეყანაში დღესაც მოიხმარება…
– რომელ ქვეყნებში?! რადიო თავისუფლების ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში თქვენ კი წერდით, რომ 2021 წლიდან ევროკომისიის მიერ აკრძალვა მოიხსნა და ევროპის რიგ ქვეყნებში ქათმის ნაკელის საქონლის საკვებად გამოყენება დასაშვებიაო, მაგრამ „რადიო თავისუფლებამ“ არაერთ წყაროსთან გადაამოწმა და გაარკვია, რომ ძროხების საკვებად ნაკელის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში კვლავ აკრძალულია და ცვლილებები შევიდა მხოლოდ ღორთან დაკავშირებით…
– რა მნიშვნელობა აქვს – ღორის კვებაში მოგწონს და ძროხაში არა?!
– არ ვიცი…. ღორი რძეს არ გვაძლევს…
– feedipedia-ში ნახავთ, რომ მერძეულ მესაქონლეობაში [ქათმის ნარჩენის] გამოყენებას არც გემოზე და არც სხვა მაჩვენებლებზე არ აქვს გავლენა…
– თუმცა თქვენ მაინც გადაწყვიტეთ, რომ ქათმის ნაკელი არ გამოგეყენებინათ? [ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის დადგენილება ნაკელის საკვებად გამოყენების აკრძალვის შესახებ 2023 წელს ამოქმედდა]
– რა თქმა უნდა.
– რატომ გადაწყვიტეთ?! მაგალითად: რატომ არ ჩაანაცვლეთ „ჩირინას“ ქათმის ნარჩენი სხვა ფერმის ნაკელით?
– არ ჩავანაცვლეთ. როგორც კი, აღმოვაჩინეთ ანტიბიოტიკი, საერთოდ ამოვიღეთ კვების რაციონიდან და არ ვიყენებთ.
„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ირწმუნებოდა, რომ „ჩირინას“ მენეჯმენტისთვის ცნობილი იყო, რომ „ყვარლის ბაგა“ ქათმის ნაკეთს საქონლის კვების რაციონში იყენებდა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მეორე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ისინი ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდნენ და არ იცოდნენ, რომ „ყვარლის ბაგა“ მას საქონლის საკვებად იყენებდა.
ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად, სატელევიზიო ინტერვიუში, მოიშველია „ყვარლის ბაგას“ წარმომადგენლის მიერ „ჩირინას“ პარტნიორებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ყვარლის ბაგას“ არ მოსწონს ქათმის ნაკელის ფასის 30%-იან ზრდა და ჩანს, რომ ბაგა ნაკელს საქონლის საკვებად იყენებდა.
BMG-ისთვის უცნობია, ავთენტიკურია თუ არა ელექტრონული შეტყობინება და ასევე, მიიღო თუ არა ის ადრესატმა.