ლაშა ნიკოლაძის თქმით, სადაზღვევოების აუდიტირებულ დასკვნებში მძიმე დარღვევებია – bm.ge
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი სადაზღვევო კომპანიების აუდიტირებულ დასკვნებში არსებულ მძიმე დარღვევებზე საუბრობს და სექტორის ზედამხედველს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლაშა ნიკოლაძემ BMG-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში ისაუბრა.
მისი თქმით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენილ აუდიტორული დასკვნებზე რეაგირების ნაწილში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და მისაღებია ზომები, რაც მათ შორის კომპანიებში დროებითი მმართველის შესვლას, ასევე ტენდერებში მონაწილეობის შეზღუდვას გულისხმობს.
“ადამიანის უფლებებზე თუ ვსაუბრობთ, ადამიანს არ უნდა უწევდეს ჯერ აუდიტირებული დასკვნის წაკითხვა და მერე სადაზღვევო კომპანიის არჩევა, რადგან ყველა ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია სრულფასოვან მომსახურებას უნდა წევდეს. სადაზღვევო აუდიტორულ დასკვნებში საკმაოდ მძიმე დარღვევებზეა საუბარი, ამაზე მათი აუდიტორები წერენ. ფარულ ინფორმაციაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ.
ჩვენ შევთავაზეთ ზედამხედველს ერთი წლის წინაც, რომ მიეღო გარკვეული ზომები ამ მიმართულებით. თუ ეს ზომები და ინსტრუმენტები არ აქვს მაშინ მოდი გავაჩინოთ, თუ აქვს ეს ინსტრუმენტი, მაშინ რატომ არ არის გამოყენებული?!
როდესაც ძალიან მძიმე დარღვევაზეა საუბარი, მაგალითად კაპიტალის არსებობაზე, იქ უნდა იყოს ისეთი ზომა შემოღებული, როგორიც კომპანიაში დროებითი მმართველის შეყვანას გულისხმობს. მაგალითად სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღების შეზღუდვაზე იყოს ლაპარაკი, რადგან ასეთი კომპანიები ცდილობენ რადგან ზარალიანები არიან და კაპიტალიც უჭირთ, დემპინგი გააკეთონ ერთგვარად სახელმწიფო ტენდერში, ან დიდ ტენდერში, რომელიც ძირითადად სახელმწიფოა.
ამ აუდიტირებულ დასკვნებზე რეაგირების ნაწილში ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ვმუშაობთ რეგულატორთან, რომ მაგალითად ასეთ კომპანიებს შეეზღუდოთ ტენდერებში მონაწილეობა. უფრო მკაცრი ზომები უნდა გატარდეს. ვთქვათ, დროებითი მმართველის შესვლა სიტუაციის გამოსწორებამდე ან იმ შემოსავლებიდან ჩახსნა, რომელიც მას სახელმწიფოდან სავალდებულო წესით უგენერირდება, იქნება ეს ტენდერი თუ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი. თუ ეს ბერკეტები არ იქნება, ამას შეიძლება ფატალური შედეგები მოჰყვეს”, – აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.
bm.ge