მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც დღეს, 11 თებერვალს, საკუთარ სახლთან 3 უცნობი ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, მომხდარის დეტალებს იხსენებს.
ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ თავდასხმის შედეგად მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდა. ის ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.
“ჩვეულებრივ, ეზოში ძაღლთან ერთად ვსეირნობდი, ცოტა ხანს გავჩერდი და ამ დროს, ჩასაფრება მოხდა, ეს დაგეგმილი იყო და ზურგიდან მოხდა პირველი თავდასხმა. ვერ მოვედი აზრზე, რა ხდებოდა და მერე ეს რომ გაგრძელდა, გააგრძელეს დიდი ხანი [თავდასხმა], მერე ფეხზე ავდექი, მაღაზიიდან დამეხმარნენ, კარი გააღეს და იქ შევედი და იქაც შემოვარდნენ, იქაც გაგრძელდა ეს ჩხუბი. იდენტიფიცირება ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ისე, რომ რაღაც კონკრეტული შემენიშნა. […] აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა, არსაიდან, უკნიდან უცებ წიხლების [რტყმა] დაიწყო. 5-წუთამდე გრძელდებოდა [თავდასხმის ფაქტი], ზუსტად ვერ გეტყვით. […]
[თავდამსხმელები] ისე თავდაჯერებულად იქცეოდნენ, რა ტერიტორიაზე ვასეირნებდი კარგად იცოდნენ, ისინი, თვალთვალს, რა თქმა უნდა, ახორციელებდნენ, ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ ამ თავდასხმაში. გავიდნენ მაღაზიიდან, მანქანაში ჩასხდნენ და არც გავყოლივარ. ყურადღება არ მიმიქცევია იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულს არ ჩავდივარ ცხოვრებაში, რაიმე საეჭვოს არ ვაკეთებ, ამიტომ თვალთვალი თუ უნდათ და მითვალთვალონ, რესურსი გამოყონ ამაზე, თავისუფლად შეუძლიათ მითვალთვალონ”, – ამბობს ის.
წამყვანმა ლაშა გაბიტაშვილს ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დღევანდელი განცხადების შეფასებაც სთხოვა, რომელმაც დღეს თქვა, რომ “თუ ვინმეს მასზე აქვს ეჭვი, ეს არ სჩვევია”.
ლაშა გაბიტაშვილის შეფასებით, მასზე განხორციელებული თავდასხმა მოქალაქეების დაშინების მცდელობაა.
