“ალასანიას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო სიტუაციური კარიერისტების და უპასუხისმგებლო პოლიტიკანების “კატის მეხსიერებამ” – ინდულგენცია რომ გახდა ახლა ივანიშვილის ოპონირება და წლების წინ კი მისი ძალაუფლების არმხილება და განმტკიცება რომ იყო ქცევის ნორმა.
ამჟამინდელი და ტრადიციულად ანტიქოცური ოპოზიციის წარმომადგენლები ნიშნისგებით ბრაზობენ – ჩვენ ვიბრძოდით და ოპოზიციად ახლა ეგენი ითვლებიანო. ჰოდა, ჩვენო ძვირფასებო, უპასუხისმგებლოებო, ნაწყენებო, ფულით ნაყიდნო, გადაგდებულნო თუ გაუყიდავებო, ახლა ყველა ერთ დიდ უბედურებაში ვართ და ის მაინც გააკეთეთ, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვაში მიეშველოთ ხალხს! ფიზიკურად მაინც დადექით, რადგან სხვა თქვენგან არც არაფერია უკვე საჭირო და ეს მაინც იკისრეთ – ერთი საათია საჭირო, მეტი არა! ძველო ქოცებო – ექს-მინისტრებო და დეპუტატებო, მოდით და მიეშველეთ ხალხს პროტესტის უწყვეტობაში, დადექით ქუჩაში! ამჟამინდელო ოპოზიციურო პარტიებო – კაცებო და ქალებო, – ფეისბუქზე პოსტვას და ვინ უფრო მორალურია, მანდ შეჯიბრს, მოდით და დაეხმარეთ ხალხს ფიზიკურად (!), თქვენი ტანებით და სამი-ოთხი ნაბიჯის გადადმით ტროტუარიდან პროსპექტამდე. ბოლო კვირებში ვისაც ვხედავ, ან ჩემი ფეისბუქ-ბაბლია, ან ნაცნობ-მეგობარი, ან ოჯახის წევრი (აგერ მამაჩემიც დააჯარიმეს გუშინ, რაკი 28 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას), ანდაც ჩემი კოლეგები და ჟურნალისტები. და რაც მთავარია, მაუწყებლიდან მარშით მოსული ახალგაზრდები! თუ ვამბობთ, რომ პროტესტის უწყვეტობა მნიშვნელოვანია რუსთაველზე – და ნამდვილად არის! – მოდით! ჩაენაცვლეთ! ჩამოდით! გადით! რატომ არ დგანან აქ ყოველ საღამოს პარტიების წევრები? რატომ არ დგანან ექს-ქოცი მოხელეები, ბევრს რომ ლაპარაკობენ ახლა! მოდით და გადაკეტეთ გზა – ხალხს აჯარიმებენ თქვენი პასიურობის გამო! სხვამ უნდა გააკეთოს თქვენი საქმე და სხვამ უნდა გამოასწოროს თქვენს მიერ გაფუჭებული?! აღარ გამოვა ასე!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.