მწერალი ლაშა ბუღაძე:
ჩემს ერთ ნაცნობს ორიოდე წლის წინ დუმილის გამო მოუხდა რუსეთიდან გაქცევა. არა პროტესტის, არა ხმამაღლა გამოთქმული საყვედურის, არა მით უმეტეს მანიფესტაციაზე დგომის გამო (ეს ყველაფერი პუტინის რუსეთში აკრძალულია), არამედ სწორედ დუმილის – უთქმელობის, გაყუჩებულობის და დისტანცირებულობის გამო.
რეჟიმმა ბოლოს მას დუმილის გამო მოთხოვა პასუხი!..
რადგან როცა კრიზისი გაღრმავდა, გაჩუმება საკმარისი აღარ აღმოჩნდა და მდუმარეებსაც მიადგნენ – რატომ დუმხართ, მხარს ხმამაღლა რატომ არ უჭერთ უკრაინაში მკვლელობებს და ზოგადად პუტინსო? სხვამ, ვინც კარგა ხანია “ხმამაღლა” გაყიდა მორალი, ჩივილი დაიწყო – ეს რომ დუმს და მე რომ ვყვირი, ეს სამსახური რაღატომ აქვს, ან ეს ფული, ან ეს ბინა, ან სტატუსი, ან საერთოდ მშვიდად და თავისუფლად რატომ არისო… დასმენა დაიწყეს, დუმილისთვის მხილება: ჩვენ გავრისკეთ, ეს კი თავს ინახავსო… ორ სკამზე უნდა ჯდომა, გადარჩენას ცდილობსო…
და გაიქცა ბოლოს ეს კაცი, რადგან მიხვდა – უკვე დუმილისთვის დასჯიდნენ, ხმამაღლა მხარდაუჭერლობისთვის.
აი, გაკვეთილიც ჩვენი მდუმარეებისთვის: თქვენც მოგადგებიან… ნუ გგონიათ, რომ “არ შეგეხებიან”; ნუ ფიქრობთ, რომ დაუძვრებით… დუმილი ვეღარ გიშველით.
“არ მეხებასთვის” სივრცე აღარ დაგრჩებათ. გავიდა ეს დრო.




