ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროკურატურას მოუწოდა, რუსეთის მოქალაქე, ევროკავშირის სანქციების დარღვევის მცდელობისთვის, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნული პირი ცდილობდა, ლატვიის საზღვრიდან რუსეთში დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა – 10 000 ტყვია – შეეტანა.
აღნიშნული ტვირთი ტერეხოვის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს და ამოიღეს. ის სატვირთო ავტომობილის კაბინაში იყო დამალული, რომელსაც ეს პირი მართავდა.
ავტომობილში აღმოჩენილი დიდი რაოდენობის ტყვიების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საბაჟო საბჭომ ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდა.
2025 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის მცდელობის საფუძველზე აღძრა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა, 2022 წლის 7 ოქტომბრიდან, რუსეთში ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილებისა და ძირითადი კომპონენტების, ასევე საბრძოლო მასალის პირდაპირი ან არაპირდაპირი გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი აკრძალა და ამ აკრძალვის დარღვევა კრიმინალურ ქმედებად გამოაცხადა.
ეჭვმიტანილი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”




