ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოსგან ველით, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს

საქართველოსგან ველით, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს. ვერავის ვეტყვი, რა გააკეთოს და რა – არა. მისთვის საუკეთესო მომავლის იმედი გვაქვს. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდება, ეს არჩევანია, პოლიტიკური არჩევანი, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური არჩევანი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება არ ჰყოფნის და უნდა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯების მთელი წყება.
„ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნებაც არ ჰყოფნის, შენ უნდა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯების მთელი წყება. ეს ეხება როგორც სტანდარტიზაციას, ასევე იმას, რომ უნდა იყო შესაბამისობაში ევროკავშირის ღირებულებებთან, ევროპულ პრინციპებთან. საქართველოს გასულ წელს მიეცა საშუალება წინ წასულიყო, როცა მოლდოვასა და სთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმისთვის, რომ [გაწევრიანების თაობაზე] მოლაპარაკებები დაწყებულიყო. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა არ გადადგეს ეს ნაბიჯები და მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც იყო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის”, „უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი და სხვა კანონებიც, რომლებიც ბადებს კითხვებს ევროკავშირის წევრებს შორის; რომელთა გამოც, სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეძლო იმ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა, სადაც უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ.
ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელშია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 80 %-ს სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი იყოს, ეს მათ კონსტიტუციაშია ჩაბეჭდილი. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაც ამას ემხრობა. ამიტომ, რატომ უნდა გააკეთო ახლა, რაღაც ასეთი, [ამის] საპირისპირო, ჩემთვის გაუგებარია.
[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღების გამო] ძალიან მკაფიო მითითებები იყო. იმ 9 რეკომენდაციიდან, სულ მცირე 3, ახლა არ შეესაბამება იმას, რაც უნდა იყოს. რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებას კანდიდატი ქვეყნის მმართველი გუნდის წევრების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ და ასევე, “გლობალური ომის პარტიაზე” საუბარი, ეს ჟღერს როგორც ნონსენსი.
საქართველოს წარმატებით ბევრი რამ დევს სასწორზე. ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი, ადამიანური რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოს წარმატებაში წვლილი შეგვეტანა. ასე რომ, ველით საქართველოსგან, რომ რაღაც ეტაპზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მის ხალხს სურს.
მაგრამ, ეს გადაწყვეტილებათა მიღების სუვერენული პროცესია და მე ვერავის ვეტყვი, რა გააკეთოს და რა – არა. მხოლოდ იმ ერთგულების გამოხატვა შემიძლია, რაც საქართველოს მხარდაჭერის მიმართ გაგვაჩნია ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად და მისთვის საუკეთესო მომავლის იმედი გვაქვს. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდება, ეს არჩევანია, პოლიტიკური არჩევანი, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური არჩევანი,“- განაცხადა ბრაჟემ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა