რუსეთის აგრესია თავისით არ შეჩერდება, ის თავისით არ დამთავრდება, თუკი ჩვენ მას ახლა არ შევაჩერებთ, [მომავალში] უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს – რუსეთს კიბოს ადარებენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კიბოზე უარესია , – ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის სპიკერმა დაიგა მიერინამ ამერიკაში, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის თაობაზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, „რუსეთის საცეცები მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, რუსეთის მოქალაქეები ყველგან არიან და ავრცელებენ ქაოსს, არეულობას და ცდილობენ, დემოკრატიებს დაესხან თავს“.
„ვაშინგტონში უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად ვართ. კიევის დახმარება მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი საკითხია ახლა, მაგრამ, თუ მშვიდობის მიღწევა გვსურს, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველანაირი, განსაკუთრებით კი – სამხედრო დახმარება. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღე, როცა ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაგვიანებთ, ბრძოლის ველზე ადამიანები იღუპებიან“, – განაცხადა დაიგა მიერინამ.
მისივე თქმით, სენატორებისგან და კონგრესმენებისგან ბევრი განსხვავებული შეხედულება მოისმინეს, თუმცა „ამ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, არსებობს ცალსახა საერთო აღქმა, გაგება იმისა, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ და ეს ერთობლივად უნდა გავაკეთოთ“.
„ამ დღეებში სენატორებთან, კონგრესმენებთან, პალატის სპიკერთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან პრაქტიკული, ქმედითი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია. ეს მოიცავს შესაძლო ახალ სანქციებს იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ომის დანაშაულებზე. ასევე, რუსული აქტივების კონფისკაციას და მათი უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას. გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ ევროკავშირი უდიდეს ინვესტიციებს დებს უკრაინის სამხედრო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ევროკავშირის მთლიანი დახმარება უკვე აღემატება ამერიკის მიერ გაწეულ დახმარებას“, – განაცხადა დაიგა მიერინამ.
მისივე თქმით, რუსეთი გრძნობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეუძლია შეცვალოს.
„ჩვენ მართლაც ბევრი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით ევროპულ და სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე არსებობდა, ისტორიამ ჩვენ ამის ბევრი ნიშანი მოგვცა. ვლადიმირ პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას თავისი მიზნების მისაღწევად. ვნახეთ მისი ომი ჩეჩნეთში, ვნახეთ საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა. და ის, რომ ყოველი შემდგომი თავდასხმის შემდეგ პუტინის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა. პუტინის განცდაც, რომ ძალის გამოყენებით სასურველი მიზნის მიღწევა შეუძლია, ასევე გაიზარდა. ამან დაუსჯელობის გრძნობა გააჩინა მისთვისაც და რუსეთისთვისაც, მთლიანად. რუსეთი გრძნობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეუძლია შეცვალოს, მაგრამ ჩვენ რუსეთი თავის საქმეებზე ანგარიშვალდებული უნდა გავხადოთ“, – განაცხადა დაიგა მიერინამ.