ლატვიის მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ 2024 წელს ცხოვრების დონე გაუარესდა

ლატვიის მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ 2024 წელს ცხოვრების დონე გაუარესდა
„ლატვიის ტელევიზიის“ გადაცემის „რა ხდება ლატვიაში?“ („Kas notiek Latvijā?“) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც 2 იანვარს გამოქვეყნდა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ 2024 წელს ცხოვრების დონე, 2023 წელთან შედარებით, გაუარესდა.
გამოკითხულთა მხოლოდ 1,1%-ს მიაჩნია, რომ გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, ლატვიაში ცხოვრების დონე „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, 14,3% კი აღნიშნავს, რომ ცხოვრების დონე „ოდნავ გაუმჯობესდა“.
თუმცა, რესპონდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ცხოვრების დონე გაუარესდა – გამოკითხულთა 30,3% ამბობს, რომ ცხოვრების ხარისხი „ოდნავ გაუარესდა“, ხოლო 11,7% დარწმუნებულია, რომ გასული წლის განმავლობაში ცხოვრების პირობები „მნიშვნელოვნად გაუარესდა“.
გამოკითხულთა 39,2%-ს მიაჩნია, რომ 2024 წელს ლატვიაში ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 3,4% კი კონკრეტული პასუხს ვერ იძლევა.
30 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებულ გამოკითხვაში ლატვიის 1003-მა მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.
ცხოვრების დონის ამაღლებისკენ უფრო მეტად ახალგაზრდები (18-24 წლის და 25-34 წლის ასაკობრივი ჯგუფები) იხრებიან, რომელთა შეფასებითაც, ცხოვრების პირობები, შესაბამისად, 26 და 20%-ით გაუმჯობესდა. ამავე ასაკობრივ ჯგუფებშია ყველაზე ნაკლები რესპონდენტიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ცხოვრების პირობები 55+ ასაკის ადამიანების მხოლოდ 10%-თვის გაუმჯობესდა. რაც უფრო ხანდაზმულები არიან რესპონდენტები, მით უფრო მეტად არიან დარწმუნებულები, რომ გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ცხოვრების დონე დაეცა.
ლატვიაში საშუალო ასაკის ადამიანებს შორის გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ ცხოვრება გაუარესდა, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში იგივე პოზიცია აქვს გამოკითხულთა 50%-ს.
ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ყველაზე მეტად უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები (20%) საუბრობენ, ხოლო საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებში ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენს. თუმცა, უმაღლესი განათლების მქონეთა 41% და საშუალო განათლების მქონეთა 42% მიიჩნევს, რომ 2024 წელს ცხოვრების პირობები გაუარესდა.
შეფასებებში განსხვავებს შემოსავლის დონეც განაპირობებს. დაბალი შემოსავლის მქონე რესპონდენტთა მხოლოდ 8%-ს სჯერა, რომ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ეს მაჩვენებელი ორნახევარჯერ მეტია და შესაბამისად, 23 და 21%-ს შეადგენს. ეს ჯგუფი ასევე ნაკლებად აღნიშნავს ცხოვრების ხარისხის გაუარესებას, ვიდრე სხვები. იმავდროულად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებში ცხოვრების დონის გაუარესებას შესაბამისად გამოკითხულთ 52 და 51% ადასტურებს.
რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილების მიხედვით რესპონდენტების განწყობას, რიგის მცხოვრებლების აზრით, ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა – ასე ფიქრობს ლატვიის დედაქალაქში გამოკითხულთა 25%. სხვა ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებთა შორის ანალგიური პოზიცია აქვს, შესაბამისად, მხოლოდ 10 და 12%-ს. ამავე ჯგუფებში უფრო ხშირად ამბობენ, რომ ცხოვრების ხარისხი გაუარესდა – ორივე შემთხვევაში ამას გამოკითხულთა 48% აცხადებს.
წყარო: 1 არხი