ლატვიიდან საქართველოში ცოცხალი პირუტყვის იმპორტი 97.3%-ით გაიზარდა

BMG-ის ინფორმაციით, 2023 წლის არასრული მონაცემებით, საქართველოსა და ლატვიას შორის 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 50.4 მლნ დოლარს შეადგენდა, გასული წლის 11 თვეში კი 48.6 მლნ აშშ დოლარს.
თუმცა, საანგარიშო პერიოდში, ლატვიიდან გაზრდილია მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი. გასულ წელს საქართველომ 2.3 მლნ აშშ დოლარის ცოცხალი პირუტყვი შეიძინა, 2022 წელს კი, მხოლოდ 62.1 ათასი აშშ დოლარის.

იმპორტში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე კი, ეთილის სპირტებია. იმპორტის კუთხით 11 თვის მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ნოემბრში საქართველომ ლატვიისგან 36.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის 11 თვეში კი, 38.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს საქართველოდან ლატვიაში მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველომ ლატვიაში 13.9 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წელს კი, 10 მლნ აშშ დოლარის. მთავარი საექსპორტო პროდუქტები ღვინო, ეთილის სპირტები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი ლატვიაში 13.1%-ით 4.1 მლნ აშშ დოლარიდან, 3.6 მლნ აშშ დოლარამდეა შემცირებული.