ლატვია უკრაინაში „პატრიას“ ტიპის 42 ჯავშანტრანსპორტიორს გაგზავნის

1 ივლისს, ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „პატრია 6×6“ ტიპის 42 ჯავშანტრანსპორტიორის და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაამტკიცა, რათა ამით მხარი დაუჭიროს კიევს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ „პატრიას“ ტიპის ჩვენი ჯავშანტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორთან ბრძოლაში დაეხმარება. უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ – როგორც წელს, ასევე მომავალ წელს ს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის ოდენობის სამხედრო დახმარებას გავუწევთ“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი, ანდრის სპრუდსი.
უკრაინის მხრიდან დახმარების თხოვნიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 10 თებერვალს ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო შეკვეთა „პატრია 6×6“ ტიპის ექვს ჯავშანტრანსპორტიორზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაეგზავნება.
ანდრის სპრუდსი ხაზს უსვამს, რომ ამ უკრაინაში ჯავშანტექნიკის გაგზავნა ეროვნული შეიარაღებული ძალების საჭიროებებსა და ოპერატიულ შესაძლებლობებზე გავლენას არ მოახდენს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინეთს, ლატვიას, შვედეთსა და გერმანიას შორის სამთავრობათაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 30 აგვისტოს, ლატვიამ ხელი მოაწერა გენერალურ ხელშეკრულებას, რომელიც „პატრია 6×6“ ტიპის 200-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორის დამზადებას ითვალისწინებდა.
პარალელურად, ლატვიის თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული შეიარაღებული ძალები, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, განაგრძობდნენ თანამშრომლობას ჯავშანტექნიკის კვლევისა და განვითარების პროგრამის (CAVS) ფარგლებში, მათ შორის – ერთობლივი მართვისა და კონტროლის პლატფორმის შემუშავების კუთხით. პლატფორმის და დიზაინის შემუშავება 2024 წლის ზაფხულში დასრულდა, რამაც თავდაცვის სამინისტროს საშუალება მისცა, ჯავშანტექნიკის შესყიდვის გარდა, ლატვიის შეიარაღებული ძალებისთვის დამატებით 56 სამეთაურო ჯავშანმანქანა შეეკვეთა.
1tv.ge