ლატვია საბანკო ზემოგებაზე გადასახადების დაწესებაზე მსჯელობს

ლატვიის მმართველ კოალიციიაში შემავალ პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოებას იწვევს საკითხი, საბანკო ზემოგებაზე უნდა დაწესდეს თუ არა გადასახადი და თუ დაწესდება – რა ფორმით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა საბანკო სექტორის ხარჯზე შეიძლება, მაგრამ ფორმაზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. ეს ინფორმაცია „ლატვიის რადიომ“ 19 აგვისტოს გაავრცელა.
ივნისში კოალიციამ კვლავ წამოაყენა ორი წლის განმავლობაში (2025 და 2026 წლებში) საკრედიტო ინსტიტუტების ზემოგებაზე გადასახადის შემოღების იდეა, რომლის ხორცშესხმის შემთხვევაშიც, სახელმწიფო ბიუჯეტის პოტენციური სარგებელი 100 მილიონი ევრო იქნება.
ეკონომიკის მინისტრის, ვიქტორ ვალაინისის შეთავაზებაა, ბანკებისთვის ინდივიდუალური ზემოგების გადასახადის დაწესება. თუ ბანკი გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, გადახდილი გადასახადის დაბრუნება შესაძლებელი იქნება. სეიმის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრის შუვაევსი ამ მიდგომაში ბიუროკრატიულ რისკებს ხედავს და უპირობოდ ემხრობა ბანკებისთვის ერთიანი გადასახადის შემოღებას.
„ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავლის პოვნისა და კეთილი განზრახვებიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად ხელოვნურად ვართულებთ საკითხებს. მე მჯერა, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება მკაფიო, პირდაპირი გადასახადი ზემოგებაზე, საიდანაც ობიექტურად შეგვიძლია დავადგინოთ სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი თანხა. ეს, ჩემი აზრით, თავისთავად შეუწყობს ხელს დაკრედიტების სტიმულირებას“, – აღნიშნა შუვაევსმა.
„ვშიშობ, რომ დამატებითი პირობების შემოღებამ შეიძლება გაააქტიუროს უძრავი კაპიტალის მფლობელები ან წარმოშვას დაკრედიტების მაჩვენებლების „დამრგვალების“ მცდელობები. ეს, თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ბიუროკრატიის შექმნის მცდელობებს გამოიწვევს, რათა დაკრედიტების გამოცხადებული დონეების რეალობასთან შესაბამისობა შემოწმდეს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ზემოგებაზე შემოვიღოთ მკაფიო, სუფთა გადასახადი ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე“.
ფინანსური სექტორი ზემოგების გადასახადის შემოღების იდეას ეწინააღმდეგება. სკეპტიკურად არის განწყობილი სეიმის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, იანის რეირსიც.
მისი აზრით, საკამათო საკითხია ბანკების კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის ვალდებულების განხილვა.
„საგადასახადო სისტემა არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ადამიანებს ან კომპანიებს სჯის – საგადასახადო სისტემა მათი დამხმარე უნდა იყოს. ბანკებს კორპორატიულ გადასახადს არ ვაკისრებთ, მაგრამ გვინდა დავაწესოთ გადასახადი ზემოგებაზე, რაც ცოტა არასწორია. თუ მეტი თანხებია საჭირო, მაშინ უმჯობესია, ფინანსური ინსტიტუტებისგან ავიღოთ კორპორატიული გადასახადი, რომელსაც ფინანსური დაწესებულებები მთელს მსოფლიოში იხდიან. ზემოგების გადასახადის დაწესებას, ამ გადასახადის შემოღება სჯობია“, – მიიჩნევს რეირსი.
საბანკო ზემოგებაზე გადასახადის შემოღების შესახებ დისკუსია ლატვიაში გასულ წელს დაიწყო.
მმართველ კოალიციაში საკითხის განხილვა და საბანკო ზემოგებაზე გადასახადის შემოღება მიმდინარე ან მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ