ლატვია ევროკავშირში განზრახ მკვლელობების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მიერ 23 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლატვიაში, ევროკავშირში შემავალ სხვა ქვეყნებთან შედარებით, განზრახ მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდა.
2023 წელს პოლიციამ ევროკავშირში განზრახ მკვლელობის 3 930 შემთხვევა დააფიქსირა, რაც 1.5%-ით მეტია, 2022 წელთან შედარებით. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ სახის დანაშაულის კლების ტენდენცია შეიმჩნევა – განზრახ მკვლელობის შემთხვევები, 2013 წელთან (4 635) შედარებით, 15.2%-ით არის შემცირებული.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის განზრახ მკვლელობის ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა საფრანგეთში (887), რომელსაც მოჰყვებიან გერმანია (661) და იტალია (338), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მალტაში (2), ლუქსემბურგსა (4) და კვიპროსში (10).
2023 წელს ლატვიაში განზრახ მკვლელობის 79 ფაქტი აღრიცხეს – 2022 წლის მაჩვენებელზე 76-ით მეტი. თუმცა, საბედნიეროდ, დანაშაულის ნიშნული იმ დონემდე არ მისულა, როგორიც 2016-2018 წლებში დაფიქსირდა, როდესაც წელიწადში 100-ზე მეტი განზრახ მკვლელობა ხდებოდა.
ლატვიაში განზრახ მკვლელობის შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე ლიეტუვასა (69) და ესტონეთში (18). ამასთან, ლატვიაში ამ უმძიმესი დანაშაულის ფაქტები უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე ბევრად უფრო ხალხმრავალ ქვეყნებში, მათ შორის ჩეხეთში (68), საბერძნეთში (76), უნგრეთში (69), პორტუგალიაში (74), სლოვაკეთში (62), ფინეთსა (64) და ხორვატიაში (26).
რაც შეეხება 100 ათას მოსახლეზე განზრახ მკვლელობის მაჩვენებელს, ამ კუთხით, ლატვია, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, პირველ ადგილზეა. ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ყოველ 100 000 მოსახლეზე ყოველწლიურად 4-ზე მეტი განზრახ მკვლელობა მოდის.
ევროსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „პოლიციის მიერ აღრიცხული დანაშაულების რაოდენობა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მოსახლეობის რიცხოვნების გათვალისწინებითაც კი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს განსხვავებული კანონმდებლობით, პოლიციის მიერ წარმოებული აღრიცხვის განსხვავებული პრაქტიკით და პოლიციაში განსხვავებული მიმართვიანობით, რამაც სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახება“.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ