ლატვიაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების მისაღებად უზარმაზარი რიგებია
ონკოლოგიისა და სხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მომსახურების ეროვნული კვოტები უკვე ამოწურულია. შესაბამისად, საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში ზოგიერთი სპეციალისტის მომსახურება ხელმისაწვდომი აღარ არის. ამის მთავარი მიზეზი მთავრობის მიერ არასაკმარისი დაფინანსებაა, ე.ი. პაციენტი უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოქალაქეების რაოდენობა. ეს ინფორმაცია 22 ოქტომბერს „ლატვიის ტელევიზიამ“ გაავრცელა.
ორშაბათს, 21 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია მკერდის ქირურგიული ოპერაციების კვოტის ამოწურვის შესახებ. 40 პაციენტ ქალს დაგეგმილი ოპერაცია გაუუქმეს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ჰოსამს აბუ მერიმ „ლატვიის ტელევიზიას“ დაუდასტურა, სარძევე ჯირკვლის ქირურგიული ოპერაციებისთვის წელს დამატებითი თანხები არ გამოიყოფა.
ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ წელს უკვე მოძიებულია თანხები 39 დამატებითი ოპერაციისთვის და სამედიცინო მომსახურება, ჯამში, 370-ზე მეტ პაციენტს გაეწევა. ჰოსამს აბუ მერის თქმით, რიგის კლინიკურმა საავადმყოფომ (RAKUS) თავისი მუშაობა გამოყოფილი კვოტების ფარგლებში უნდა დაგეგმოს და არ შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ წლის ბოლოს დამატებითი თანხები აუცილებლად გამოჩნდება.
„სამწუხაროდ, ეს საორგანიზაციო საკითხია. თუ სამედიცინო დაწესებულება მიჩვეულია, რომ მთელი კვოტა წლის პირველ ნახევარში უნდა დახარჯოს, მაშინ რა ვუყოთ მათ, ვინც ოქტომბერში ან ნოემბერში რეგისტრირდება? მათი რიგი, შესაბამისად, მომავალი წლის იანვრის, თებერვლის ან მარტისთვის გადაიწევს. ეს არასწორია. წლის ბოლოს, ნოემბერში ან დეკემბერში, სახელმწიფო ყოველთვის პოულობდა სახსრებს დამატებითი მომსახურების გასაწევად, ახლა კი ასეთი შესაძლებლობა არ გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.
რიგის კლინიკური საავადმყოფოს ონკოლოგიური ცენტრის მომსახურების განყოფილებაში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მიმღები განყოფილება შეიძლება წელს დაიხუროს და პაციენტების მიღება მომავალი წლისთვის გადაიდოს.
RAKUS-ის მმართველი საბჭოს წევრი, ჰარალდს პლაუდისი ამბობს: „ჩვენ რამდენიმე ისეთი პროგრამა გვაქვს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მათ შორის, რადიოთერაპია, რომელიც ონკოპაციენტებსაც უტარდებათ. რაც შეეხება სარძევე ჯირკვალზე და მუცლის აორტაზე ოპერაციების შემდგომ ქირურგიულ რეკონსტრუქციას – აქაც „ძალიან შორს წავედით“, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ძალიან ცოტა პაციენტის მომსახურებას მოვახერხებთ, ზოგ შემთხვევაში კი, საერთოდ ვერავის მივიღებთ. მათი რიგი მომავალი წლისთვის გადაიწევს“.
იგივე ეხება ამბულატორიულ პაციენტებსაც. ამის მაგალითად პლაუდისმა ის ფაქტი დაასახელა, რომ წელს სახელმწიფო ხარჯებით რევმატოლოგთან ან ანესთეზიოლოგთან ვიზიტი აღარ იქნება შესაძლებელი. რევმატოლოგთან ფასიანი ვიზიტისას კი, ექიმს არ შეუძლია დანიშნოს მედიკამენტები, რომლებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს, რაც პაციენტის მკურნალობას კიდევ უფრო აძვირებს.
ანალოგიური ვითარება შეიქმნა პაულს სტრადინშის საუნივერსიტეტო კლინიკურ საავადმყოფოშიც (PSKUS).
PSKUS-ის მმართველი საბჭოს წევრი, ჯინეტა ჰაინრიხსონე აღნიშნავს: „მკერდის ქირურგია ერთადერთი სერვისი არ არის, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ასევე ფინანსდება ისეთი სფეროები, როგორიცაა პულმონოლოგია, ნევროლოგია, ნეფროლოგია, რომელიც თირკმლის გადანერგვის შემდეგ პაციენტების მომსახურებას გულისხმობს. ამისთვის დამატებითი დაფინანსებაც ვითხოვეთ, მაგრამ დადებითი პასუხი ჯერ არ მიგვიღია“.
ლატვიის საავადმყოფოების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, იევგენი კალეისი აცხადებს“ „რიგები სულ უფრო იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს წლევანდელ პაციენტებსაც უნდა მოვემსახუროთ და 2025 წლისასაც. მეტიც: არის საავადმყოფოები, სადაც პაციენტები რიგში არა 2025 წლისთვის, არამედ უკვე 2026 წლისთვის ეწერებიან“.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NVD) თქმით, უფრო გრძელი რიგებია დიდ საავადმყოფოებში და გარკვეულ სპეციალისტებთან მოხვედრაზე, ასევე ძვირადღირებულ კვლევებზე, როგორიცაა, მაგალითად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თუნცა სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების მიღება შედარებით ადვილია.
„ის, რომ წლის ბოლოა, არ ნიშნავს, რომ კვოტები ყველგან ამოიწურა. არის სერვისები, რომლებიც პირდაპირ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში წასვლას არ საჭიროებს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკას, სამედიცინო ცენტრს ან სპეციალისტს. მაგალითად, ოტოლარინგოლოგს, გინეკოლოგს ან ოფთალმოლოგს“, – ამბობს NHS-ის წარმომადგენელი, ევია შტალბერგა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს სახელმწიფოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობების წესები შეიცვალა. ადრე შეიძლებოდა გამოუყენებელი კვლევებისგან მორჩენილი თანხის სხვა პაციენტებზე გადანაწილება, მაგრამ წელს ასე აღარ არის.
წყარო: 1tv.ge
