საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის გრძელდება. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც ლატვიაში შეკრებაზე გაემგზავრა და ბალტიისპირეთში 30 ივნისამდე დარჩება, რიგაში გამართულ ამხანაგურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. საქართველოსა და მასპინძელ ლატვიასთან ერთად ტურნირში თურქეთისა და ფინეთის ნაკრებები მონაწილეობდნენ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ფინეთის გარდა ტურნირის მონაწილე ყველა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონშია. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამართული 3 მატჩიდან 1 მოიგო, 2-ში კი მარცხი განიცადა. კოტე ტუღუშის და მისი ასისტენტების მიზანი ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მომზადებაა და შედეგს ამ ეტაპზე, სანამ ოფიციალური მატჩები არ დაიწყება, ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი გახლდათ, რომელთანაც 63:91 დავმარცხდით. ამავე დღეს, 18 ივნისს ფინეთმა ლატვია 81:75 დაამარცხა. მეორე დღეს საქართველო მასპინძლებს დაუპირისპირდა და 60:95 დამარცხდა. მორე მატჩში თურქეთმა ფინეთს 92:77 მოუგო. დასკვნითი შეხვედრა ქართველებმა დღეს, ფინეთთან გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში – 80:77 იმარჯვეს, თურქეთმა კი მასპინძლები 90:77 დაამარცხა.
საბოლოოდ საქართველომ, ლატვიამ და ფინეთმა თითო მოგება მოიპოვეს და ტურნირზე II-IV ადგილები გაინაწილეს, პირველზე კი სამივე შეხვედრის მომგები თურქეთი გავიდა. ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა, კომენტარი გააკეთა:
“მოგეხსენებათ, თბილისური შეკრების შემდეგ ლატვიაში გამოვემგზავრეთ, სადაც პირველი ამხანაგური მატჩები გავმართეთ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში. რიგაში საკმაოდ კარგად ორგანიზებული ტურნირი ჩატარდა. საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ნორმალურიცაა, რომ ჩვენი გუნდი არ იყო მზად ამ ტურნირის მოსაგებად და სიმართლე ითქვას, არ იყო მისი მოგება ჩვენი მიზანი.
ჩვენი მიზანი იყო, იმ 16 მოთამაშეს, რომლებიც ამჟამად არიან შეკრებაზე, მაქსიმალურად ჰქონოდათ თავის გამოჩენის, თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა. ამ მხრივ ნამდვილად პროდუქტიული იყო ეს ტურნირი. პირველი მეტოქე საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული და მომზადებული თურქეთი იყო ჩვენი მეტოქე. მიუხედავად დიდი სხვაობით დამარცხებისა, ბევრი დადებითი დავინახეთ ჩვენი გუნდის შესრულებით როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და შესაბამისად, ძალიან კარგი სპარინგი გამოგვივიდა.
ამის შემდეგ შევხვდით მასპინძელთა ნაკრებს, რომელსაც ტრადიციულად ასაკობრივებში ყოველთვის კარგი გუნდები ჰყავს და მასთანაც დავმარცხდით. დღეს კი დავამარცხეთ ფინეთი, რომელიც იცით, რომ A დივიზიონის წარმომადგენელია. ყოველთვის გამორჩეულია, როცა B დივიზიონის წარმომადგენელი A დივიზიონში მყოფ გუნდს უგებს და ეს ჩვენ მოვახერხეთ.
დღეს პირველად ითამაშა ლუკა ალავიძემ, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. მიკროტრავმები ჰქონდათ ბიჭებს, თუმცა ყველანი პროფესიონალურად უდგებიან საქმეს და გეგმის მიხედვით მივდივართ. თვალში საცემია თითოეული მოთამაშის მონდომება და ჟინი, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.
ხვალიდან შემოგვიერთდება ათუკა ბახტაძე, რომელიც, ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვაძლიერებს. გადავალთ სამწვრთნელო შეკრებაზე, ორჯერად ვარჯიშებზე და უფრო მეტი ინტენსივობით დავამუშავებთ როგორც ტაქტიკას, ისე სხვა დეტალებს ფიზიკური კონდიციების ამაღლების ჩათვლით. რამდენიმე დღეში მორიგი სპარინგ-მატჩი გველის, უკრაინას შევხვდებით და 30 ივნისს გამოვემგზავრებით თბილისში”.
შეგახსენებთ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას, რომლითაც ლატვიურ შეკრებაზე იმყოფება:
თემურ კაპანაძე, ლუკა კოტლიარევსკი, საბა სალაძე, თენგო გოგიშვილი, ალექსანდრე დაუშვილი, საბა ნარიმანიძე, ავთანდილ ბახტაძე, ლუკა ლომთაძე, ლუკა ალავიძე, ანრი ბელთაძე, ამირან აროშიძე, გეგა წულაია, ნიკოლოზ აბულაძე, ირაკლი ახალაია, ლუკა ბარბაქაძე, სულხან-საბა შარაშიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 29 ივნისს ისრაელთან ჰქონდა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი, თუმცა ცნობილი ამბების გამო ებრაელთა ნაკრები ლატვიაში ვერ მიემგზავრება. თბილისში დაბრუნებული საქართველოს ნაკრები 7 ივლისს ლატვიას უმასპინძლებს, რის შემდეგაც მეზობელ სომხეთში გაემგზავრება, სადაც დედაქალაქ ერევანში, 11-დან 20 ივლისის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირია:
11 ივლისი VS ავსტრია
12 ივლისი VS შვეიცარია
13 ივლისი VS ჩრდ. მაკედონია
15 ივლისი VS დანია
16 ივლისი VS ნიდერლანდები
GBF.GE
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ლატვიაში გაემგზავრა
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ფიბა-მ წილისყრით ევრობასკეტის ჯგუფებში გაანაწილა
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა
