ლარს არჩევნების მოახლოება უკვე დაეტყო, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ჯერჯერობით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. თუ 26 ოქტომბრამდე სტაბილურობა იქნება და დაძაბულობა არ შეიქმნება, ეროვნულ ვალუტას გაუფასურება არ ელის. სიტუაციის შებრუნების და პოლიტიკურად მწვავე გარემოს შექმნის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ეროვნული ვალუა 2.85-ის ნიშნულამდე დაეცემა.
ისევე როგორც სხვა ეკონომიკური მიმართულებები, ეროვნული ვალურის ბედიც წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების შემდგომ არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბული არ არის, თუმცა ლარი უკვე მაინც მცოცავ რეჟიმში უფასურდება. დღეს კურსი 2.75-ის ფარგლებშია, როცა 3 კვირის წინ 5-6 პუნქტით ნაკლები იყო. ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად თმობს პოზიციებს, მაგრამ ეს შეუმჩნევლად ხდება.
როგორც ფინანსისტმა, საერთაშორისო კვლევების და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა, არეულობის შემთხვევაში ეროვნული ვალუტა 2,85 ნიშნულმადე დაეცემა.
„ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პროგნოზი, რომელიც სამი თვის წინ გავაკეთეთ, რომ სექტემბრის ბოლო კურსი იქნებოდა 2.71-2.73-ის შუალედში, ეს ფაქტიურად 100%-ით ახდა. არჩევნემადე, თვის ბოლომდე, სავარაუდოდ შენარჩუნდება კურსი, მაღალი ალბათობით 2.72-2.75ის ფარგლებში.
მთავარი ფაქტორი არის არჩევნები და ის თუ როგორი პოლიტიკური პოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში. იმ შემთხვევაში თუ ვითარება დაიძაბება და არეულობა იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, კურსი გაუფასურდება. ასეთ პირობებში ველოდებით სადღაც 2.85-იან ნიშნულს, ნოემბრის 5-10 რიცხვამდე.
თუ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და პოლიტიკური ვნებათაღელვა არ იქნება, მაშინ, ეროვნული ვალუტა დარჩება 2,75-ის ფარგლებში”, – ამბობს ნიკა შენგელია.
ეროვნული ბანკის როლი ლარის კურსის დასტაბილურებაში მნიშვნელოვანია. მკვეთრი გაუფასურების პირობებში სებ-ს სავალუტო ბაზარზე რეზერვები გამოაქვს. გარდა ამისა, გაცვლით კურსზე თავისი როლი აქვს ინფლაციას და ქვეყანაში არსებული მონეტარულ პოლიტიკას. ინფლაცია საქართველოში დაბალ ნიშნულზეა და აგვისტოში მისმა მაჩვენებელმა 1% შეადგინა. ამის მიუხედავად ეროვნულ ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა და რამდენიმე დღის წინ კვლავაც 8%-ზე დატოვა.
სწორედ სებ-ის როლზე გაამახვილა ყურადღება ეკონომისტმა გიორგი ცუცქრიძემ და განაცხადა, რომ პოლიტიკურად დაძაბული მოცემულობა კურსზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებით რყევას შეაჩერებს.
„ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა სავალუტო კურსი. არჩევნემადე სიტუაცია თუ დაიძაბება, ბუნებრივია, რომ გარკვეულწილად კურსზე ექნება ასახვა. საერთოდ, მოლოდინს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი წესრიგში რომც იყოს, სადაც იგულისხმება ექპორტს-იმპორტის სალდო ან სავაჭრო თუ სავალუტო ბალანსი, ცუდ მოლოდინს, გავლენა მაინც ექნება კურსზე. განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, ეს არაერთხელ მომხდარა, ნეგატიური მოლოდინის გამო ლარი გაუფასურებულა.
წინასაარჩევნო პერიოდში ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ ხდება, თუ განცხადებებს არ მივიღებთ მხედველობაში, რომელიც კეთდება ცალკე ოპოზიციის მხრიდან, ცალკე საერთაშორისო აქტორებისგან. სხვათა შორის, ესეც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ლარის კურსზე, რადგან მოლოდინია შექმნილი, თითქოს არჩევნები გაყალბდება, ხელისუფლება არჩევნების მოპარვას აპირებს და ა.შ. ასეთი მოლოდინის შედეგი, ბუნებრივია, არასახარბიელოა. საუბარია ინვესტორებზე, ბიზნეს სტრუქტურებზე, რომლებმაც შეიძლება, უბრალოდ, დაიზღვიონ თავი და წინასწარ დაიწყონ ვალუტის შესყიდვა. ეს, რა თქმა უნდა, ლარის კურსზე წნეხს გაზრდის.
ყველა სცენარი შეიძლება გათამაშდეს არჩევნებამდე, რაც ლარზე მოახდენს იქონიებს გავლენას, მაგრამ ეროვნულ ბანკს აქვს სავალუტო რეზერვები, რითაც შესაძლებელია აჟიოტაჟის განეიტრალება. სებ-ი სწორედ ამაზეა პასუხისმგებელი – ფასების სტაბილურობასა და ინფლაციაზე. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო იქნება, ეროვნული ბანკი ჩაერევა ინტერვენციების სახით.
არჩევნების შემდგომი პერიოდი კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი იქნება პოლიტიკური სიტუაცია. თუ განცხადებები, რომლებიც უკვე კეთდება, გადაიზრდება ე.წ. ეგზიტპოლების ომში, საპროტესტო აქციებში და მოხდება სიტუაციის რადიკალიზაცია, ბუნებრივია, კურსზე ექნება პირდაპირი ასახვა. ეს ყველაზე არასასურველი სცენარია, თუმცა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული პროცესი როგორი წარიმართება, კენჭისყრის დღე როგორ ჩაივლის და რა რეალური შედეგი გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რყევების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვს. მით უმეტეს ვიცით, რომ სებ-მა საერთაშორისო რეზერვები არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა კიდეც”, – ამბობს ცუცქირიძე.
ცნობისთვის, „თიბისი კაპიტალის” კვლევაში აღნიშულია, რომ 2024 წლის ბოლოსათვის ლარის კურსი დაახლოებით, 2.80 ნიშნულზე იქნება, მაგრამ შემდეგ გამყარდება.
„ადრინდელ საბაზო სცენარს რაც შეეხება, რომელიც 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.80 ნიშნულს, ხოლო შემდგომ ლარის გამყარებას ითვალისწინებს, დღევანდელი გადასახედიდანაც, ის უცვლელია. ჩვენი აზრით, საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობა იკვეთება.
სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გაზრდილია სებ-ის სავალუტო რეზერვები, რაც, წინასწარი მონაცემებით, ვალუტის შესყიდვას უნდა უკავშირდებოდეს. ჯერჯერობით სექტემბრის ოპერატიული ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ “თიბისის არხებით” განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ეკონომიკის მაღალი ზრდა სექტემბერშიც დაფიქსირდება”, – აღნიშნულია კვლევაში.
წყარო: რეზონანსი