ლარი წლიურად 14.7%-ით გამყარდა

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.6861-დან 2.6752-მდე (0.4%-ით), ხოლო ევროს მიმართ – 2.9331-დან 2.9215-მდე (0.4%-ით) გამყარდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6827 და 2.9080 შეადგინა. იანვარში ლარი- დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6894 იყო, მინიმალური კი – 2.6573.
ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, იანვარში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები დაახლოებით თანაბრად იყო გადახრილი.
იანვარში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია რუბლისა და ლარის გამყარება, გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირა და სომხური დრამი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი და ევრო პრაქტიკულად არ შეცვლილა.
„ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. წლიურად, იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 1.9%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 14.7%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვის ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.8%-ით გამყარდა.
ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.
სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, ში, აშშ- ში, ევროზონასა და აზერბაიჯანში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.