ლარი საკმაოდ ჯანსაღად იქცევა – ნათია თურნავა

“ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული კურსის პოლიტიკა. უკვე მრავალი წელია ჩვენთან მოქმედებს მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება განაპირობებს ლარის კურსს, მაგრამ ლარი საკმაოდ ჯანსაღად იქცევა,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ “იმედის ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ლარი მცირედით მერყეობს, როგორც ნებისმიერი თავისუფალი ვალუტა თავისუფალ ბაზარზე,
“ის, რომ სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ რაიმე მყისიერი გაუფასურება ლარს არ ემუქრება.
შემიძლია გითხრათ, რომ იანვარი, ზოგადად, ტრადიციულად, ამ კუთხით ცოტა რთული თვე არის, მაგრამ იანვრის ბოლო კვირიდან და ახლა თებერვლის დასაწყისში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ უფრო ძლიერ შემოდინებებს, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის არხით, იგივე ექსპორტიდან შემოდინებებს. ასევე სტაბილურია ტურიზმი, სტაბილურია გზავნილები. აქედან გამომდინარე, მართლაც არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ მყისიერი გაუფასურება დაემუქროს ლარს. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფინანსური სტაბილურობა კვლავაც შენარჩუნდება,” – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.