“სინამდვილეში, ლარი კი არ გამყარდა, დოლართან ერთად გაუფასურდა ევროს, ფუნტის და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ”, – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა “პალიტრანიუსისა” და რადიო “პალიტრას” გადაცემაში “ საქმე” განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ნაწილობრივ დონალდ ტრამპის სატარიფო და ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება, შესაბამისად, ლარის ბედი ისევ და ისევ დოლარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
“ლარი სუსტდება, ერთადერთი დოლართან მიმართებით არ სუსტდება”
“სინამდვილეში, ლარი კი არ გამყარდა, დოლართან ერთად გაუფასურდა ევროს, ფუნტის და სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ. იმიტომ, რომ დოლარი უფასურდება ბოლო რამდენიმე კვირაა. ეს ნაწილობრივ შეიძლება მივაწეროთ ალბათ, ტრამპის განზრახულ პოლიტიკას, რომ ოდნავ დაასუსტოს დოლარი. ამას კი ემატება ის გაურკვევლობა, რაც დოლართან დაკავშირებით შეიქმნა; ასევე, რაც ზოგადად, ტრამპის ეკონომიკურ და სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიქმნა.
ასე რომ, დოლარი სუსტდება. გააგრძელებს თუ არა დასუსტებას, ამაზე იქნება მერე დამოკიდებული, ლარი რას იზამს დოლართან მიმართებით. ფაქტია, რომ ლარი სუსტდება, ერთადერთი დოლართან მიმართებით არ სუსტდება, ისევ და ისევ იმიტომ, რომ დოლარიც სუსტდება. ჩვენ რაც გვაინტერესებს, ძირითადად ყველაფერი დოლარშია დენომინირებული, რაც საქართველოში ჩამოდის, მაგრამ ზოგი ევროში და სხვა ვალუტებშიც არის, ამიტომ ლარის დასუსტება გამოიწვევს დამატებით ინფლაციას ქვეყანაში”, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარტიდან დღემდე, ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 22 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ 17 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7503 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1249 ლარია.
