„ლარი ეროვნული ვალუტა აღარ უნდა იყოს“ – პაატა შეშელიძე

ეკონომისტი პაატა შეშელიძე ლარის ჩანაცვლებას გონივრულად მიიჩნევს. ექსპერტი აცხადებს, რომ ლარი იძულებით შემოღებული ვალუტაა, რომელიც არანაირ გარანტიებს არ იძლევა. სწორედ ამიტომ, მისი თქმით საჭიროა ლარის უზრუნველყოფა ან მისი სრულად გამოსყიდვა და სხვა ვალუტით ჩანაცვლება.
,,ჩემი აზრით საჭიროა საერთოდ ლარის გამოსყიდვა. არავის არ სჭირდება ლარი, ზედმეტია საერთოდ. დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმი მუშაობს, რომელიც როგორც წესი ბოროტად გამოიყენებოდა ხოლმე. ლარი არის იძულებით შემოღებული ვალუტა. გავალდებულებენ, რომ ის გამოიყენო. ბევრი ადამიანი ამას არ გააკეთებს თუ თავისუფალი არჩევანი ექნება. ჩვენ ლარი თუ გვინდა საერთოდ, მაშინ ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი ვალუტა. იმიტომ, რომ ადამიანები იქნებიან დარწმუნებულები, რომ მის უკან დგას ამერიკული დოლარი ან ევროპული ევრო. მე ვამბობ, რომ ბევრად უფრო გონივრული და სწორი იქნებოდა ოქრო. მით უმეტეს არსებობს ოქროს ლარი და მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება. ეს დაგვიცავდა ვნებელობითი გადაწყვეტილებებისგან, რომელიც გულისხმობს ფულის მასის გაზრდას, ჰაერიდან მთავრობის დაფინანსებას და ა.შ.
თუ კი ჩვენ გვინდა, რომ მყარი ვალუტა გვქონდეს, რაღაც სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ. ერთი გამოსავალი იქნება, რომ უარი ვთქვათ ლარზე. გამოგვესყიდა ლარი, მიგვეცა ხალხისთვის დოლარი, რაც არის რეზერვებში და გვეთქვა, რომ რაც გინდათ ის ქენით. მეორე ვარიანტი იქნებოდა ლარის უზრუნველყოფა ოქროთი. ამ შემთხვევაში ასეთი რყევები და სირთულეები არ გვექნებოდა. ვფიქრობ, რომ ზოგადად უმჯობესია არჩეული იყოს ერთი ვალუტა. თუმცა როცა ლაპარაკია, რომ ლარი გაქვს და ვალდებულება უკვე აღებული აქვს მთავრობას, მან ის უნდა გამოისყიდოს ან მყარად უზრუნველყოს. ასეთ შემთხვევაში მე მექნება გარანტია. ახლა რა გამოდის? გავალდებულებენ, რომ ლარი გამოიყენო. პასუხს არ აგებენ მის მსყიდველობით უნარზე, ინფლაციაზე, არაფერზე საერთოდ. მარტო შენ გაქვს ვალდებულება და იმათ არ აქვთ ვალდებულებები.’’- აცხადებს პაატა შეშელიძე.