2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. მათ შორის ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების – Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა.
„დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარმოდგენილები ბრძანდებით ჩვენი ფართო რეგიონის და მათ შორის, შუა დერეფნის თითქმის სრული გეოგრაფიის წარმომადგენლები. ჩვენს საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
თავის გამოსვლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლარი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა და მის შექმნას წინ ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია უძღოდა.
„გასული სამი ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე გამოწვევებით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია – ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო სისტემას. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან კი ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ღონისძიების სტუმრებს მიესალმა და ქართველ ხალხს ლარის 30 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა.
შეკრებილი სტუმრების წინაშე ასევე წარსდგნენ სორბონის უნივერსიტეტის, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.
პანელური დისკუსიების მონაწილეები მსჯელობდნენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემები და მონეტარული პოლიტიკა, ინიციატივები საფინანსო სექტორში, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.
ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს
