ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ლარის კურსი დარჩება სტაბილური და ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში მაღალი ტემპით გაგრძელდება.
დღეს მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “როგორც კი ჩავარდა მაიდანი, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი”.
„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო ზრდაა 10%. გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.
მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის“ მცდელობა. „მაიდნის“ მოწყობის მე-4 მცდელობა იყო 4 წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები,“- განაცხადა პრემიერმა.
ეროვნული ბანკის მიერ შაბათ-კვირისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. რაც შეეხება, ევროს, მისი კურსი 2.9365 ლარია.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ბანკებში დოლარის შეძენის კურსი ისევ მაღალია.
