ლარის კურსის ვარდნის მოლოდინი გვაქვს, რაც ძალიან ცუდად დაგვარტყამს – “ტენე”

კომპანია „ტენეს“დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი ქვეყანაში ლარის კურსის ვარდნას ელოდება, რაც, მისი აზრით, მათ კომპანიას ცუდად დაარტყამს. ამის შესახებ სანდრო ლილუაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა და დასძინა, რომ “ტენეს” 2024 წელს გარკვეული ზრდა ჰქონდა, თუმცა დეკემბერში გაყიდვები იმედგამაცრუებელი იყო.
“ყოველწლიურად კომპანიას გაყიდვები ეზრდება. 2024 წელს მოვახერხეთ გარკვეული ზრდის მიღწევა, თუმცა დეკემბერში იმედი გაგვიცრუვდა. კონკრეტულ მიზეზს ვერ ვამბობ, არ ვიცი, ინვესტიციებია შემცირებული, დაკრედიტებაა გართულებული თუ რა, თუმცა უფრო მეტი ნავაჭრის მოლოდინი გვქონდა. არის ზოგადი სტაგნაცია და ვარდნა არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა სფეროებშიც.
2025 წელს ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ცვლილებები დავნერგოთ და ახალი პროდუქცია შემოვიტანოთ, ასორტიმენტის დასახელებები გავზარდოთ, მაგრამ მომავალს ამ დაძაბული არასტაბილური მდგომარეობის გამო, მაინც შიშის თვალით ვუყურებთ. მოლოდინი გვაქვს, ლარის კურსის ვარდნის, რაც ძალიან ცუდად დაგვარტყამს. გვინდა, რომ ეს გაუგებრობა მალე დასრულდეს“, – განაცხადა სანდრო ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, ეკომეგობრული USB სადენების მწარმოებელი ქართული კომპანია „ტენე“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, გასული წლის დასაწყისში კი კომპანიამ საწარმო წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გახსნა, სადაც 30-მდე დევნილს ასაქმებს. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციამ 200 000 დოლარი შეადგინა, „აწარმოე საქართველოში“ და ს ხელშეწყობით. „ტენეს“ საწარმოში დღიურად 600 USB სადენი მზადდება, მათი ნაწილი კი Amazon-ის საშუალებით აშშ-ში გადის ექსპორტზე.