ეკონომისტის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის თქმით, ლარის გამყარება ამერიკული დოლარის შესუსტებითაა გამოწვეული, რაც ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და მის მიერ გამოცხადებულ სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება.
როგორც ალავიძე „კომერსანტთან“ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა, გლობალური ბაზრები უკვე რეაგირებენ: ამერიკაში საფონდო კაპიტალიზაცია 6 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა, კომპანიების მოლოდინები კი რეცესიის ნიშნებზე მიუთითებს. ასეთი რყევები კი საქართველოს მცირე და გლობალურ ბაზრებზე დამოკიდებულ ეკონომიკას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
„ლარის გამყარება გამოწვეულია იმით, რომ ამერიკული დოლარი სავალუტო წყვილებთან მნიშვნელოვნად შესუსტდა. აღნიშნული პროცესი ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილია, ვერ ვიტყვი, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, მაგრამ გამოცხადებული სატარიფო ომის შედეგი ეს არის, ჯერჯერობით მხოლოდ გამოცხადებულ, რადგან ბევრი გადაწყვეტილება ძალაში არა არის შესული. ცვლილებებს მინიმუმ 3-6 თვიანი პერიოდი სჭირდება, რომ გლობალურ ბაზრებზე აისახოს, რაც აუცილებლად ნეგატიური ასახვა იქნება. დაახლოებით 6 ტრილიონამდეა ბაზრები დაკორექტირებული მხოლოდ ამერიკაში და მათი უმსხვილესი კომპანიების მმართველებსაც მოლოდინები აქვთ, რომ შესაძლოა ამერიკაში რეცესია დაიწყოს, რაც გლობალური ეკონომიკისთვის, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, ძალიან ცუდია.
გლობალურ ეკონომიკაში ასეთმა რყევებმა ადგილობრივ ეკონომიკაზე რომ არ მოახდინოს გავლენა, ძალიან რთულია; მთავარია, დროის რა ჭრილში მოხდება. ჩვენ პატარა ეკონომიკა გვაქვს და ადვილად მანევრირებადი, თუ სწორად მოხდება მართა.
ერთია სტატისტიკა რას გვეუბნება და მეორეა, რეალობა რას გვაჩვენებს. საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები ჩვენს ექსპორტზეც და იმპორტზეც ახდენს გავლენას. ეს ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი არ არის, მაგრამ საერთაშორისო მოვლენები და სატარიფო ომი საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება“,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
ცნობისთვის, 1 მაისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7487 ლარია.
