ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში რუსეთის მოქალაქეები კოსმოდრომ “კოლხიდას” გამშვები პუნქტის მშენებლობას გეგმავენ – ჟურნალისტური გამოძიება “აი ფაქტმა” მოამზადა.
იდეის ავტორები იულია და მარია არხიპოვები არიან. ისინი საქართველოში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩამოვიდნენ, ორი კომპანია დააფუძნეს, მიწები იყიდეს, ნაწილი კი მიითვისეს. ლანჩხუთში, შემოღობილ ტერიტორიაზე მათ კოსმოსური ხომალდების ასაფრენი ადგილის, დრონებისა და თანამგზავრების საწარმოს მოწყობა სურთ. გეგმავენ კოსმოსში ხალხის გაშვებასაც.
კოსმოდრომის ასაშენებლად არხიპოვების კომპანია “სერვიუკ აგრომ” ლანჩხუთში სამი ნაკვეთი იყიდა – ჯამში, 14 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. სწორედ ამ ნაკვეთებიდან უნდა გაეშვას ხომალდები ორბიტაზე.
“მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ მარიას მამის სახელი სერგეია, იულიასი კი – ალი. სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.წლების წინ, მარია არხიპოვას ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი“ – წერს აი ფაქტი.
საჯარო რეესტრში იულია არხიპოვას მიერ წარდგენილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ მათ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს. დაამონტაჟეს ელექტროგაყვანილობა, დააყენეს მრიცხველები, გაარემონტეს შენობის კარ-ფანჯარა, გაიყვანეს კანალიზაცია, წყალი და ტერიტორია ხე-მცენარეებისგან გაწმინდეს.გამოცემის ცნობით, რუსი ქალები ინფორმაციას და ანგარიშებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს აწვდიან – “ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ე.წ. პრავფონდთან მათი წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული. ამ მიმოწერებმა “პრავფონდიდან” გამოჟონა და OCCRP-ს ჩაუვარდა ხელში.
“აი, ფაქტი”, როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი ორგანიზაცია, ამ გზით ჩაერთო გამოძიებაში” – წერს აი ფაქტი.
ერთ-ერთ ასეთ წერილში, იულია არხიპოვა წერს, რომ “საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეების მხრიდან მუდმივ მუქარას” აწყდება.
ის ითხოვს “რუსეთის ფედერაციამ დაიცვას თავისი მოქალაქე”“პრავფონდი” [თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი] 2012 წელს რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, დადგენილებით შეიქმნა. ფონდის მიზანი, ოფიციალურად, საზღვარგარეთ მყოფი რუსების სამართლებრივი დახმარებაა. არაოფიციალურად კი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია და რუსულ რბილ ძალას წარმოაგდენს ევროპაში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ფონდი 2023 წლიდან სანქცირებულია აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.
მარია და იულია არხიპოვები, მინიმუმ, 2014 წლიდან თანამშრომლობენ “პრავფონდთან.”აი ფაქტი წერს, რომ ახლა კოსმოდრომის პროექტი შეჩერებულია. მიზეზი გამოცემამ არხიპოვებს ჰკითხა.
“კოსმოდრომის მშენებლობის საკითხი ამჟამად გაჩერებულია პროექტის შეთანხმების ეტაპზე. როგორც კი მივიღებთ თანხმობას, მზად ვართ მშენებლობისთვის. თქვენი მთავრობა გასცემს ნებართვას, ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას. ჩვენ გვჭირდება ერთი წელი, მშენებლობის დაწყებიდან სრულად გამართული მუშაობის დაწყებამდე” – ასე უპასუხეს არხიპოვებმა გამოცემას.
მშენებლობის ნებართვებსა და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებაზე, კომენტარს არ აკეთებენ ლანჩხუთის მერიაში
