ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით გამოვლინა.
ლანდსბერგისის თქმით, რუსული კანონისა და ჰომოფობიური კანონების მიღებით, ქართულმა ოცნებამ რეალურად აჩვენა რის გაკეთებასაც ცდილობს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
“თავად ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სიტყვებია, მაგრამ მანამდე იყო ქმედებები. ქართულმა ოცნებამ გადადგა მრავალი ნაბიჯი, იმისთვის, რომ ეთქვათ ევროპელებისთვის, რომ მათ აღარ აქვთ სურვილი იყვნენ ევროპის ნაწილი.
მაგალითად, კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იყო ქვეყანაში ლგბტ საზოგადოების შესახებ და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რაც მანამდე იყო. რეალურად, აჩვენეს რის გაკეთებას ცდილობენ”, – თქვა ლანდსბერგისმა [სინქრონული თარგმანი]
ლანდსბერგისის ცნობით, ის მოხარულია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გარკვეული სია შეათანხმეს და მისი თქმით, ეს იქნება ბიძგი სხვა ევროპელი მოკავშირეებისთვის, რათა მათაც იგივე გააკეთონ.
“ისინი ცდილობენ საქართველო გადაიყვანონ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან. რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ ძალადობის დონე, რომელიც პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ, მიუღებელია და ეს არც არის პირველი შემთხვევა. ამას უნდა მოჰყვეს სულ მცირე გზავნილი. მე მოხარული ვარ, რომ ბალტიის ქვეყნებმა შევათანხმეთ გარკვეული სია. მე ვიცი, რომ ეს სიმბოლურია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბიძგი სხვა ევროპელი მოკავშირეებისთვის, რომ მათ იგივე გააკეთონ.
დამატებითი ზომებისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ევროპულ დონეზე. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვმსჯელობთ. საქართველო იქნება განხილვის თემა მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოზე.
ვიცი, რომ ახალი უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, მზადაა ვარიანტები წარადგინოს ვარიანტების სია, რაც შეიძლება მიღებული იყოს ამ მიმართულებით”, – განაცხადა ლანდსბერგისმა. [სინქრონული თარგმანი]
***
2 დეკემბერს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურსა და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესა.
1-ელ დეკემბერს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ დაუწესონ ერთობლივი სანქციები მათ, “ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”.