: ქუჩის უწყვეტი პროტესტი ისტორიას დარჩება, როგორც ერთი პატარა ერის მრავალსაუკუნოვანი სულისკვეთების ამოძახილი

ქუჩის უწყვეტი პროტესტი ისტორიას დარჩება, როგორც ერთი პატარა ერის მრავალსაუკუნოვანი სულისკვეთების ამოძახილი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კინორეჟისორი წერს და 2025 წელს აჯამებს.

ღოღობერიძე ამბობს, რომ ამ წელს ყოველმა ადამიანმა გააკეთა არჩევანი და გადაწყვიტა – “ბრძოლა ბოლომდე”.

მისი თქმით, პროტესტის ყოველმა მონაწილემ იცის, რომ ყოველთვის არის ადამიანი, ვისაც მისი შველა სჭირდება და ამიტომაც “ებმება ქმედებაში, ახლა და აქ”

და აი, დადგა ისიც: 2026 წელი. ახალი წელი. რას მოუტანს ის საქართველოს?
და მსოფლიოს? „აკვანი ირწევა უფსკრულის თავზე“ – თქვა წინა საუკუნეში ნაბოკოვმა. და მე მეჩვენება, რომ დღეს ის აკვანი ისევ ისე ირწევა უფსკრულის თავზე. გასული წლიდან დამრჩა რამდენიმე მძლავრი ხატი.
პირველი: თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი. ერთ მხარეს- უძლიერესი და უმდიდრესი ქვეყნის მესვეურები და მათ პირისპირ – დემონსტრატიულად საველე-შავ ტანისამოსში გამოწყობილი, აგრესორთან სამი წლის მანძილზე თავგანწირულად მებრძოლი ერის პრეზიდენტი და მისი არნახულად გამბედავი პასუხი: „მე ამხელა გზაზე კარტის სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ“. ეს სიტყვები ისტორიაში შევა,
როგორც წყალგამყოფი, როცა ერთ მხარესაა ღირსება, ტანჯვა, თავგანწირვა და მეორე მხარეს – მოვიგე-წავაგეს მდაბიო პრინციპი.
მეორე ხატი – წარმოსახვითი: – ნათელღიმილიანი ბიჭი, რომელმაც ერთხელ, ძალადობისგან სხვის დასაცავად,მოიქნია ჯოხი და ახლა, სინდისის პატიმარი, სრულ წყვდიადში მიიკვლევს გზას და მიდის სინათლის საძებნელად.
კიდევ ერთი დაუვიწყარი ხატი: ევრო პარლამენტის ფეხზე ამდგარი დარბაზი უსასრულო ტაშით ხვდება სახაროვის პრემიის გადაცემას ქალისთვის, რომელიც ამ დროს დგას გისოსებს მიღმა და მისთვის ჩვეული მოკრძალებული და გაუბზარავი ღიმილით იღიმება.
და შემდეგი ხატი, განსაკუთრებით ძლიერი იმიტომ, რომ ლექსადაა ნათქვამი (გიორგი კეკელიძის მიერ). ის იმათ განეკუთვნება, ვინც გულის სიღრმეში იცის, სად არის სიმართლე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დუმს.
„ყველას ხომ ვერ შევიფარებ… ყველას რომ ფიქრით უკან გავყვე, დარდად ვაქციო, ხომ მოვკვდები? ამიტომაც გავიქცევი…“ და ამ საკვირველ აღიარებას მოყვება ასეთი პასაჟი:
„როცა ადამიანი ხარ, სხვა გზა არ გაქვს, ხელი უნდა დაიბანო.
დარდი უნდა დაიბანო. ფიქრი უნდა დაიბანო.“
ეს, ალბათ, ყველა „მდუმარეს“ სასოწარკვეთილი თავისმართლებაა!
და კიდევ ასეთი სტრიქონები:
„და ვართ მდიდრები ამ დუმილით, მზეს გვერდს ვუვლით და
დუმილს ვდარაჯობთ, დუმილს ვიცავთ და დუმილს ვუვლით
და სხეულიდან, როგორც ძველი საკვამურიდან,
მომაკვდავ ბუხრის ნაფაზივით ამოგვდის სული“.
ეს მართლაც ძალიან ძლიერი „მდუმარეთა სიმღერაა“.
და ბოლოს, ხატი, რომელიც ფარავს ყველაფერს და რომელიც დარჩება ისტორიას, როგორც ერთი პატარა ერის მრავალსაუკუნოვანი სულისკვეთების დღევანდელი ამოძახილი: ქუჩის უწყვეტი პროტესტი. 400 დღე. თითო დღე, წაფენიდან წაფენამდე.
და ადამიანები – პიროვნებები – მოქალაქეები. ხან ძალიან ბევრნი. ხან უფრო ცოტანი. მაგრამ ყოველმა მათგანმა თვითონ გააკეთა თავისი არჩევანი- ბრძოლა ბოლომდე. ისინი დგანან, ან მოდიან მარშით, რომელსაც სხვადასხვა სახელი ქვია. არსი კი ერთია ყოველთვის: ჩვენ ვიბრძვით თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის დასაცავად. სიხარულის და ბედნიერების უფლების დასაცავად. იმათ დასაცავადაც, ვინც დღეს მდუმარეა. მე პირადად, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, რომ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვარ ამ ყოველდღიური მშვენიერი აქტის მონაწილე. მაგრამ როცა ვარ, ვხედავ იმას, რაც მაჯადოვებს: ადამიანთა სახეზე აღბეჭდილ, ერთად დგომით და ერთმანეთის თანადგომით მოგვრილ ძალას.
„თუ ფიქრობ, რომ ქრისტეს აგონია ერთხელ მოხდა და დამთავრდა, მკვდარი ხარ. თუ ხვდები, რომ ის ხდება აქ, ახლა, ყოველ წუთს, შენს თვალწინ, – ცოცხალი ხარ. შეიგრძენი სხვისი ტკივილი და იმოქმედე. ახლა და აქ“.
– ეს მერაბ მამარდაშვილის ნაფიქრია.
და მე მაქვს სრული შეგრძნება, რომ ამ საყოველთაო პროტესტის ყოველი მონაწილე სწორედ ასე მოქმედებს: მან იცის, რომ ყოველთვის არის ადამიანი, ვისაც მისი შველა სჭირდება და ამიტომაც ებმება ქმედებაში, ახლა და აქ.
გილოცავთ ახალ წელს, ჩემო ძვირფასებო. მედგარნო და შეუდრეკელნო” – წერს ლანა ღოღობერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ