ლანა ღოღობერიძე: მე ვარ განუყოფელი ნაწილი ამ დიდი ერთობისა, რომელსაც ქვია დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული, განათლებული, ნათელ მომავალზე ორიენტირებული საქართველო!

„არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება: რეალურად, ხელშესახებად იყო შენი ხალხის ნაწილი! ახალ წელს ხვდებოდე ხალხით გადაჭედილ, გაბრწყინებულ რუსთაველზე, და კანით გრძნობდე, რომ ხარ ჭეშმარიტ თანამოაზრეთა შორის! იმათთან ერთად, ვინც, შენსავით, სიამოვნებით დათმო ეს საუკუნეებით განმტკიცებული რიტუალი – ახალი წლის შეხვედრა სახლში, ოჯახში და შუაღამისას გამოვიდა გარეთ, ქუჩაში, რუსთაველზე! იმიტომ რომ დღეს სწორედ რუსთაველია შენი სახლი, და აქ, რუსთაველზეა შენი ოჯახი!
აქ სიხარულით უჯახუნებ ჭიქას ყველა უცნობს, იმიტომ რომ ეს უცნობი სინამდვილეში შენი ახლობელია! და ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი, ეს შენი ახლობლები, დიდები, პატარები, მოხუცები, ახალგაზრდები… მაგრამ ყველანი – მშვენიერები, სიკეთით და ერთმანეთისადმი სიყვარულით აღსავსენი, შეუდრეკელნი და მომღიმარნი! ისინი, ვინც ამ პროტესტმა გამოძერწა, ვინც დათმო წუთიერი ვნებები, ეზიარა კათარზისს და ახლა მას სულ ადვილად ამოიცნობ, რადგანაც შუბლზე აწერია: მე არ ვარ მარტო.
მე ვარ განუყოფელი ნაწილი ამ დიდი ერთობისა, რომელსაც ქვია დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული, განათლებული, ნათელ მომავალზე ორიენტირებული საქართველო! და მე, ერთი ინდივიდი პირადად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის! ასე, სამართლიანობისთვის ბრძოლაში განწმენდილი ქართველები – ერთობით, სიამაყით, სიხარულით შევხვდით 2025 წელს, რომელიც ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!“,- წერს რეჟისორი .