მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ინდივიდუალურად შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადებები დააკმაყოფილონ – განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება შეჩერდება , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა.
როგორც გალდავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“აღნიშნა, განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება შეჩერდება.
„გადაჭრით გეუბნებით, რომ „ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ ბიუროკრატიულ კეკლუცს არ ვაპირებთ. არჩევნების შემდეგ, როდესაც კრიმინალური სპეცოპერაციას ანუ ქართველი ხალხის ხმების მიტაცებას ჰქონდა ადგილი, ჩვენ განვაცხადეთ, რომ უარს ვიტყვით მანდატებზე – უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება დავწერეთ. ამავდროულად, ცესკო-ში შევიტანეთ განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, რაც დაკმაყოფილდა მაშინვე და უფლებამოსილების ინდივიდუალურად შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილი განცხადებები არ არის დაკმაყოფილებული, ყველა იმ პირის მიმართ, რომლებსაც აქვთ პარლამენტის მანდატი. ახლაც მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, რომ განცხადება დააკმაყოფილონ. განცხადების დაკმაყოფილება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დაფინანსება შეჩერდება“,- განაცხადა გალდავამ.
კითხვაზე, დაფინანსებაზე უარის თქმის ვადის ამოწურვის მიუხედავად იქნება თუ არა შესაძლებელი დაფინანსების შეწყვეტა, გალდავა ასე პასუხობს : „რა თქმა უნდა“.
გალდავას თქმით, „ძლიერ საქართველო“ ისედაც არ ჰქონდა დაფინანსება, მისი თქმით, პარტია 4 წლის განმავლობაში პარტიულ დაფინანსება არ იღებდა.
„ქართული ოცნებისგან“ „ძლიერი საქართველო“ ისედაც იყო ზემოქმედების ობიექტი, რადგან 4 წლის განმავლობაში პარტიულ დაფინანსება არ გვქონდა. არ გვქონდა იმიტომ, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობითი სიიდან არ იყო ორი ადამიანი: ერთი იყო მამუკა ხაზარაძე, რომელმაც თვითონ დატოვა მანდატი და ბადრი ჯაფარიძე, ვისზეც ბინძური სპეცოპერაცია განახორციელეს. ანუ ჩვენ დაფინანსება ისედაც არ გვქონდა. ანუ ამ წლების განმავლობაში არ გვისარგებლია. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, იმსჯელონ, ვიდრე უქმეები დაიწყება – დააკმაყოფილებენ თუ არა განცხადებას, დაფინანსებაც ავტომატურად მოიხსნება. ჩვენ პარლამენტში შესვლას არც ერთ მოცემულობაში არ ვაპირებთ , რადგან პარლამენტი არალეგიტიმურია“, – განაცხადა გალდავამ.
