„ქართულმა ოცნებამ” დღეს გაიგო, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციაა? – „ქართული ოცნების“ წიაღში არის დაპირისპირება და დაკავებების სერია სწორედ ამ დაპირისპირების გამოვლინებაა! დღეს მოუნდათ და რაღაც საქმეები გამოიტანეს, – ასე ხსნის “ლელოს-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ლანა გალდავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაპატიმრებას.
როგორც გალდავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “ქართული ოცნების“ მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფასადურია. მისი თქმით, “ასე უდევთ ყველაფერი დაარქივებული და როცა პოლიტიკური მომენტი დგება, ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ“.
“ლელო-ძლიერი საქართველო“ რამდენი წელია ქართული ოცნების“ კორუფციაზე საუბრობს. ყოველ ჯერზე გვაქვს მტკიცებულებები. ევროკავშირის ცხრა შესასრულებელი რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ანტიკორუფციული ბიურო შექმნის აუცილებლობაა. სწორედ “ლელოს“ ხედვა გახლდათ ის, რომ უნდა არსებობდეს არა ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ის შემადგენლობაში, არამედ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი სახით, რომელიც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისგან თავისუფალი იქნება. თუკი კორუფციასთან რეალური ბრძოლა უნდათ, დღის შუქი იმ კანონპროექტებისთვის უნდა მიეცათ, რომელიც თავის დროზე პარლამენტში ჩვენ დავაინიცირეთ.
“ქართული ოცნების“ მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფასადურია და გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ეს ბრძოლა უკავშირდება “ქართული ოცნების“ წიაღში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
ამ ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი არ აღმოფხვრილა. ამ მხრივ განსაკუთრებით ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩანს, თუ რა ხდება და როგორ ჭამენ ხალხის ფულს. ამას დემონსტრაციულად აკეთებენ – იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ბიუჯეტი მათი სარგებლობისთვის განკუთვნილი ფული არ არის“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილს დაპატიმრებას, გალდავას თმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი სამართლებრივად გაუმართავია.
აქვე გალდავამ აღნიშნა, რომ თუკი ადამიანს დაპირებებთან დაკავშირებით აკავებენ, მაშინ “ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებებია გასახსენებელი.
“მაგალითად – 5 მილიონი ყველა სოფელს; იყო წინასაარჩევნოდ ვალების ჩამოწერის დაპირება და შემდეგ მისი შესრულება; შეწყალების ინსტრუმენტის დაპირება; ამნისტიის შესახებ დაპირებების გაცემა.
ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, როცა გაცემული დაპირებები “ქართული ოცნებისათვის“ დანაშაული არ არის და ლევან ხაბეიშვილმა სადღაც რაღაც რომ დააანონსა, ეს არის კრიმინალური ქმედება? მე როგორც იურისტმა ვერ ვნახე რეალური მტკიცებულებები იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილის დაპირებაში დანაშაულებრივი შემადგენლობა იყო“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, გალდავამ განმარტა, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო“ წარმოდგენილი იქნება ყველა საპროტესტო აქციაზე, რომლის მიზანი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა, მაგრამ არ იქნებიან ისეთ შეკრებებზე, რომლის მთავარი მოთხოვნა არჩევნების ბოიკოტირება ან ოპოზიციის შიგნით წინააღმდეგობების დათესვაა.
გალდავამ აღნიშნა ისიც, რომ ბრძოლა განგრძობითი ხასიათისაა და ერთი კონკრეტული თარიღის დაკიდება არის შეცდომა.
“ლელო – ძლიერი საქართველო“ ოპოზიციის ოპოზიციაში არ იქნება. გვაქვს პოლიტიკური ბრძოლის საკუთარი გეგმა და სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოსაყენებელია ბრძოლის ყველა ფორმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პროტესტში მონაწილეობაზე უარი ვთქვით. ჩვენ ვართ ყველა პროტესტში, რომლის მიზანია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, რაც საჭიროა ქვეყანაში სამართლიანობის დასაცავად, მაგრამ ისეთ შეკრებებზე არ ვიქნებით, რომელიც მთავარი მოთხოვნა არჩევნების ბოიკოტირება ან ოპოზიციის შიგნით რაღაც წინააღმდეგობების დათესვაა.
ჩვენ წლებია ბრძოლაში ვართ. ჩვენი გადმოსახედიდან ერთი კონკრეტული თარიღის დაკიდება არის შეცდომა – ბრძოლა არის განგრძობითი ხასიათის, ის ხდება მუდმივად. ბრძოლის ეტაპებია როგორც ქუჩის პროტესტი, ასევე ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებზე.
დარწმუნებული ვართ, რომ მთავარი ბრძოლა საპარლამენტო არჩევნების სახით ძალიან მალე ჩაინიშნება, მაგრამ ვერ ვხვდებით, რატომ უნდა დავუთმოთ “ქართულ ოცნებას“ თბილისი მაშინ, როცა საგანგაშო რეიტინგი აქვთ და კახი კალაძეს 50%-იანი ბარიერი აქვს გადასალახი, მისი რეიტინგი კი 25-22%-მდეა ჩამოსული“, – განაცხადა ლანა გალდავამ.
