“ლამაზი წყვილი” – თიკა ჯამბურიას ფოტოები შეყვარებულთან ერთად: ვინ არის მომღერლის რჩეული – Marao

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა. ამჯერად თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში შეყვარებულთან, ლუკა ჯანდიერთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მეგობრებისგან არაერთ კომპლიმენტსაც იმსხურებს. თიკა ლუკასთან ერთად სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება, თუმცა ამ ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი არ სურს:
“ამ თემაზე საუბარი არ მსურს, რადგან, რამდენჯერაც ამის შესახებ ვილაპარაკე, არ მიმართლებდა. ჯანსაღად შეყვარებული ვარ. ისეთი ადამიანი არის ჩემ გვერდზე, რომელთანაც საკუთარ თავს ვგრძნობ ისე, როგორიც ვარ სინამდვილეში, ვარ ძალიან თავისუფალი, ლაღი, გახსნილი… ძალიან კარგი უახლოესი მეგობარი მყავს გვერდით…”, – ამბობდა ის.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს:
“ხათუნა ჩემს დედამთილად დარჩა. ყოფილ დედამთილს არ ვეძახი. ძალიან მიყვარს. ჩვეულებრივად შეიძლება, ყოფილ დედამთილთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს. ჩვენ გვყავს საერთო ადამიანი, ნინა, რომელიც ასე გვაახლოებს ერთმანეთს. მე, ფაქტობრივად, ხათუნას გაზრდილი ვარ, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. პირველივე წუთიდან ახლო ადამიანად მიმიღო და მივიღე. მეგობრები ვართ. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და ვჭორაობთ, ახალი ურთიერთობების შესახებაც მილაპარაკია. მიმღებლობა აქვს ამისი. ნინას უქმნის ეს დიდ კომფორტს. ბავშვი არ არის დაძაბული. მე და ბექასაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამაში ხათუნას ძალიან დიდი დამსახურება აქვს. მან დაალაგა…“ – ამბობდა თიკა.

თიკა ჯამბურია წლების განმავლობაში ებრძოდა ჭარბ წონასაც, თუმცა სწორი კვებითა და ვარჯიშით სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხა და ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავენ, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება: “25 კილო დავიკელი 9 თვეში. წონაში კლების ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრების სტილის შეცვლა. კვების რაციონიდან ყველაფერი ამოვიღე, რაც მიყვარდა. ღამე არასდროს არ ვჭამ, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ” – ამბობს თიკა.