თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 2300 ლარამდე ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი 14 მაისს, პარლამენტის შენობასთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მეორედ დააკავა.
გრიგორიადისი მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლის.
“უსამართლო გადაწყვეტილებაა. სირცხვილია, რომ ისევ იგივენაირად გვარდება სასამართლოში საქმეები, როგორც ადრე.
პირველად რომ დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა – არ იყო არანაირი ფაქტები და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა [ადმინისტრაციულზე ვსაუბრობ]; ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და ისევ გამამტყუნებელი დადგა.
სირცხვილია, როცა ორი პოლიციელის ჩვენებას ემხრობა მოსამართლე და პოლიციელის ჩვენებაზე შეუძლია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა”. – თქვა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გრიგორიადისმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
11 აპრილს, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.