ლაზარე გრიგორიადისი – ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა

[ციხეში] დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები, მარხულობ, არ მარხულობ, გწამს, არ გწამს, არ აინტერესებთ, მრავალფეროვნება არ გექნება, რადგან პატიმრების უმეტესობა ქრისტიანია, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ 21 წლის ბრალდებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას.
გრიგორიადისი საპატიმროში არსებულ სიტუაციაზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს.
ის წერილში, ასევე, საუბრობს მამასთან მის ურთიერთობაზეც.
„ჩემი მეგობრები მივიდნენ მამაჩემთან და სთხოვეს დოკუმენტები, „დალაგება“, რომ მე ის არ მიჩიოდა. მამაჩემი დასთანხმდა, ეს დოკუმენტები კი დაერთო საქმეს. მაშინ გირაოთი გამათავისუფლეს, მაგრამ ამ მოსამართლემ არაფერი გაითვალისწინა. დიდი ალბათობით იმიტომ, რომ მეორე საქმეზე პატიმრობის ვადა გამდიოდა. არავის არაფერს ვავალდებულებ, მამაჩემის დაჭრის შემდეგ, მასთან მე ურთიერთობა აღარ მქონია, დამოკიდებულება კი არ შემცვლია იმის და მიუხედავად, რომ სასიამოვნოა, როცა შენი თავისუფლებისთვის ვიღაც იბრძვის, ეგ იმ რეალობას არ ცვლის, რაც ურთიერთობაში გვქონდა, მე თუ ხელს ვინმეს ვკიდებ, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მეორე მხარე იწყებს აგრესიას და ცდილობს, ფიზიკურად გამისწორდეს. არ მაქვს და არასდროს მექნება იმის მოთხოვნილება, ვინმე დავჩაგრო, ეგო ამით დავიკმაყოფილო. მამაჩემის ჩვენება წავიკითხე, როგორც კი დამაპატიმრეს, „მე ანგელოზი ვარო“, ეწერა ჩვენებაში. მაინც ვერ არის გულახდილი ბოლომდე…
მე ვმუშაობ ახლა ჩემს თავზე. რომ გამოვალ, იმავეს ვაპირებ და ირგვლივ პროგრესული ადამიანები მინდა მყავდეს, რომლებიც თავის თავს არ მოატყუებენ, განვითარებაზე იქნებიან კონცენტრირებულები… ისედაც ტოქსიკურობის ზედოზირება მაქვს გარედან შემოყოლილი, 1 წლის განმავლობაში, იმდენი მივიღე. ასე რომ, აღარ მინდა, დრო უაზრო კონფლიქტებს დავუთმო ან ისეთ ადამიანებს, რომლებიც უაზრო კონფლიქტებში გითრევენ და თავს წმინდანებად ასაღებენ“, – აცხადებს გრიგორიადისი.

ასევე დაგაინტერესებთ