მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში, – ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამოსზე ნავთობპროდუქტების კვალი, ნებისმიერ იქ მყოფ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან წყლის ჭავლი იყო გაშვებული და გარემო დაბინძურებული.
“პოლიციელების ჩვენებას მინდა გამოვეხმაურო, აგრესიულ მოქმედებებში გადავიდა საზოგადოებაო, საზოგადოება არ გადასულა პირველად აგრესიულ მდგომარეობაში, აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით დაიწყო. ამის შემდეგ მოხდა ქვის სროლა და ა.შ.
ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ “მოლოტოვის ქოტეილისგან” აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია.
აქციაზე დაბინძურებული გარემო თუ იყო, წყლის ჭავლი იყო გაშვებული და თითოეულ ჩვენგანს შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი გვქონოდა.
ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წამართვეს ხელიდან, არ ვიცოდი ოქმზე ხელის მოწერა თუ იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი დაკავება იყო.
მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში.
დაკითხვაზე ზეწოლა იყო, ადვოკატის ყოლის უფლება არ მომცეს, ტელეფონიც წამართვეს”,- განაცხადა გრიგორიადისმა.