ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის ციხე დატოვა. გრიგორიადისი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად დღეს შეიწყალა.
“საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა” – წერს ადმინისტრაცია.
11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.
“მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს”. – განაცხადა პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო, სასამართლოს 14-დღიანი ვადა ჰქონდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად. ლაზარეს ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა.
“გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, რაზედაც გუშინ გაგვცა უკვე წერილობით პასუხი, რომ აქვს 14-დღიანი ვადა მრავალტომიან საქმეებზე და ლოგიკურია, რომ გამოიყენებს 14 დღის ვადას. 4 პოლიციელის ნარატივი ვერანაირად ვერ იქნება მრავალტომიანი საქმე. რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ემსახურება გაჭიანურებას” – ამბობდა ლაზარეს ადვოკატი ლიკა ბითაძე.