ლაზარე გრიგორიადისი – ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს – ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი

უსამართლო გადაწყვეტილებაა,- ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამრღვევად ცნეს.
გრიგორიადისის განმარტებით, მისი ქმედებები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა და პოლიციელებს სასამართლოში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდათ.
„სირცხვილია, რომ სასამართლოში საქმეები ისევ ისე გვარდება, როგორც ადრე. როცა პირველად დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა, არანაირი ფაქტი არ იყო და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ რის საფუძველზე, ეს ალბათ ეწერება. სირცხვილია, როცა მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ეყრდნობა და შეუძლია გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი. პოლიციელები ყოველთვის ამას აკეთებენ, ასეთი სისტემა აქვთ შექმნილი, რომ აქტივისტებისგან ფული შეიტანონ ბიუჯეტში”,- განაცხადა გრიგორიადისმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და ის 2 300 ლარით დააჯარიმა.
ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.